წარსულის შუქ-ჩრდილი როგორც ინსპირაცია და სულში გაბნეული ფერადი ღმერთის ბურთულები

© photo: courtesy of Tariel Soziashviliტარიელ სოზიაშვილი
ტარიელ სოზიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებობს მოსაზრება - რაც უფრო რთულია დრო, მით უფრო საინტერესოა ხელოვანისთვის არსებობა. დღეს ამ აზრის ჭეშმარიტების დადგენას ერთი მხატვრის დახმარებით და მისი ცხოვრების მაგალითზე შევეცდებით.

მხატვარი ტარიელ სოზიაშვილი თავის დროზე, საქართველოში მყოფ სხვა ხელოვანებთან ერთად, როგორც თავად ამბობს, „საკუთარ თავში მოჩხრეკილი ფერების იმედად“ დარჩა. იმ პირობებში ჰარმონიის ძიების სულიერი მოთხოვნილება გაუჩნდა. მოგვიანებით მის შემოქმედებაში პირველყოფილი თემები და ფორმები გამოისახა. ეს იყო მხატვრის თავისებური მცდელობა, რომ თანამედროვეობასთან ინტუიციური პარალელები გაევლო...

© photo: courtesy of Tariel Soziashviliტარიელ სოზიაშვილი
წარსულის შუქ-ჩრდილი როგორც ინსპირაცია და სულში გაბნეული ფერადი ღმერთის ბურთულები - Sputnik საქართველო
ტარიელ სოზიაშვილი

- ბატონო ტარიელ, რადგან ხელოვანი იმ რეალობის ნაწილია, რაშიც ჩნდება და ვითარდება, რას გაიხსენებთ ისეთს, რამაც თქვენს ნახატებშიც ჰპოვა ასახვა?

- დიახ, თითოეული ჩვენგანი უნებურად იმ რეალობის ნაწილია, რაშიც გვიწევს ცხოვრება. ჩემი თაობის ადამიანები მუდმივად დაძაბულ, საომარ, რევოლუციურ ან კონტრრევოლუციურ პერიოდში ვიზრდებოდით და ვცხოვრობდით. ამიტომ ჩემს შემოქმედებაში და შთაგონებაში საქართველოს ეს მოუსვენარი წარსული ყველაზე მსუყედ გამოსჭვივის. დავიბადე საბჭოთა საქართველოში, თბილისში 1974 წელს. ახალგაზრდობის ყველაზე საინტერესო წლებს დაემთხვა საპროტესტო კამპანია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რომელიც წარმატებით დასრულდა 1991 წელს. მაგრამ გაურკვევლობა ამით არ დასრულებულა და არც მშვიდობა დასადგურებულა. 90-იანებიდან სამოქალაქო ომს საომარი კონფლიქტები მოჰყვა სამაჩაბლოში და აფხაზეთში. ამ ყველაფერს ახლდა მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რაც უშუქობაში და სხვა სასიცოცხლო კომუნიკაციების არარსებობაში გამოიხატებოდა, ძალიან რთული დრო იყო...

© photo: courtesy of Tariel Soziashviliტარიელ სოზიაშვილის შემოქმედება
წარსულის შუქ-ჩრდილი როგორც ინსპირაცია და სულში გაბნეული ფერადი ღმერთის ბურთულები - Sputnik საქართველო
ტარიელ სოზიაშვილის შემოქმედება

- შესაბამისად, ნაცრისფერი და მუქი ფერები ჭარბობდა ქვეყანაში...

- იმ პერიოდში ქვეყანა გაშავთეთრდა, თბილისის გარეუბნებში ეს ნაცრისფერი უსულო იერი დღემდეა შემორჩენილი. ყველანი, განსაკუთრებით მხატვრები, დავრჩით საკუთარ თავში მოჩხრეკილი ფერების იმედად. მათი მოძებნა ფსიქო-ეკონომიკურ-სოციალურ წყვდიადში ფაქტიურად ხელის ცეცებით გვიწევდა. სწორედ ასეთ ყოფაში ვიგრძენი პირველად სერიოზული ლტოლვა ჰარმონიის ძიებისკენ, რაც ასევე ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გახდა ჩემი, როგორც შემოქმედის ჩამოყალიბებაში. შემოქმედებითი ინტუიცია გვინათებდა წყვდიადის კუთხე-კუნჭულებში ვერცხლისწყლის წვეთებივით მიმოფანტულ პატარა ფერად ბურთულებს. მათი დაჭერა და შეგროვება იმ მკრთალ შუქზე დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ისედაც დასუსტებული ადამიანებისგან. 

© photo: courtesy of Tariel Soziashviliტარიელ სოზიაშვილის შემოქმედება
წარსულის შუქ-ჩრდილი როგორც ინსპირაცია და სულში გაბნეული ფერადი ღმერთის ბურთულები - Sputnik საქართველო
ტარიელ სოზიაშვილის შემოქმედება

- ხსნას რაში ხედავდით?

- ხსნა იმ შემთხვევაში ჩვენში გაბნეული ფერადი ღმერთის ბურთულები აღმოჩნდა. რაც უფრო ბნელია წყვდიადი, მით კარგად ჩანს ციცინათელა და მისი შუქის სხივები. ვისაც სისუსტის მიუხედავად თვალისჩინი ჯერ კიდევ შერჩენილი გვქონდა, ამ სხივებს ვიჭერდით და ვაგროვებდით. ფერად სამყაროებს ზოგი ტილოზე, ზოგიც ნოტებზე და ზოგიც სტრიქონებში ვქმნიდით. ასე გზადაგზა ვსწავლობდით სიბნელის ფერადი ფერების საიდუმლოს, იმას, თუ როგორ შეუძლია მის უდიდებულესობა მუზას ბნელი ფერადი გახადოს. ჩვენც დავიწყეთ, ვისაც როგორც შეგვეძლო, იმ წყვდიადის გაფერადება, მერე ამ ფერადი ადგილების სხვის წყვდიადებში შეტანა.

© photo: courtesy of Tariel Soziashviliტარიელ სოზიაშვილი
წარსულის შუქ-ჩრდილი როგორც ინსპირაცია და სულში გაბნეული ფერადი ღმერთის ბურთულები - Sputnik საქართველო
ტარიელ სოზიაშვილი

- თბილისში იყო მაშინ ადგილები - გარკვეული „ოაზისები“ შემოქმედებითი ადამიანებისთვის...

- ასეთი ოაზისი მაშინდელი მხატვრების, მწერლებისა თუ მუსიკოსებისთვის ძველ გალერეაში იყო. იქ ვიკრიბებოდით და ერთმანეთის თუ გამვლელ-გამომვლელთა წყვდიადს ვაფერადებდით. მაშინ მივხვდი, რომ შემოქმედება ის ჩირაღდანია, რომელიც ღმერთმა გვიბოძა იმ წახნაგების დასათვალიერებლად და გამოსამზეურებლად, რომლის სიღრმეებს ჩვეულებრივი სანთელი ვერ სწვდება. ამას მოჰყვა რამდენიმე პერსონალური გამოფენა “ქარვასლასა" და „ძველ გალერეაში". ვმონაწილეობდი ჯგუფურ გამოფენებშიც  საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ძველ გალერეაში და სხვ. ჩემი მაშინდელი ნამუშევრებისთვის ისეთ მასალას ვიყენებდი, როგორიცაა ზეთი, აკრილი, გუაში, შერეული, ტილო, მუყაო, ფანერა, ქვა, თიხა, ხე და ლითონი. 

© photo: courtesy of Tariel Soziashviliტარიელ სოზიაშვილის შემოქმედება
წარსულის შუქ-ჩრდილი როგორც ინსპირაცია და სულში გაბნეული ფერადი ღმერთის ბურთულები - Sputnik საქართველო
ტარიელ სოზიაშვილის შემოქმედება

- რა გახდა თქვენი შემოქმედებისთვის ინსპირაცია?

- ჩემი ახლანდელი შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ამავდროულად მნიშვნელოვანი ინსპირაცია გახდა შუქ-ჩრდილი იმ წარსულიდან, სადაც თითქოს აღარ იყო სოციალური პრობლემატიკა, შემოქმედებითი კრიზისი, როცა თითქოს ყველაფერი, რაც წყვდიადთან ასოცირდებოდა, უკან დარჩა. მეც მთელ დროს ხატვას ვუთმობდი, გამოფენებს ვაწყობდი, ჩემს კოლეგებს და სხვა ხელოვან ადამიანებს ვეკონტაქტებოდი.

© photo: courtesy of Tariel Soziashviliტარიელ სოზიაშვილის შემოქმედება
წარსულის შუქ-ჩრდილი როგორც ინსპირაცია და სულში გაბნეული ფერადი ღმერთის ბურთულები - Sputnik საქართველო
ტარიელ სოზიაშვილის შემოქმედება

- პირველყოფილი თემები და ფორმები რატომ გაჩნდა თქვენს ნახატებში?

- ჩემს ახალ კოლექციაზე პირველყოფილების თემაზე ვმუშაობდი. მინდოდა, რომ  ჩვენი ე.წ. „ცივილიზებული ხანიდან" დამენახა ის პრიმიტივიზმი და ფერები, რაც პირველყოფილ პერიოდს ახლავს და თანამედროვეობასთან ინტუიციური პარალელები გამევლო. ის კოლექცია დავასრულე, მაგრამ... როცა ბოლო საექსპოზიციო სახეზე ვზრუნავდი, სტიქიური უბედურება დამატყდა თავს - ხანძარმა მთლიანად შეიწირა ჩემი სახლი, რომელიც სახელოსნოც იყო. ჩემი ახალი კოლექციაც, წლების მანძილზე დაგროვილ ძველ ნამუშევრებთან ერთად, რომლებიც გალერეებში გამოფენილი იყო სხვადასხვა დროს, ცეცხლმა შთანთქა. ამ შემოქმედებითმა ტრაგედიამ ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმა მომაყენა. არა მხოლოდ შემოქმედება, არამედ მეც, როგორც ინდივიდი დიდი ხნით დამაპაუზა.

© photo: courtesy of Tariel Soziashviliტარიელ სოზიაშვილის შემოქმედება
წარსულის შუქ-ჩრდილი როგორც ინსპირაცია და სულში გაბნეული ფერადი ღმერთის ბურთულები - Sputnik საქართველო
ტარიელ სოზიაშვილის შემოქმედება

- ამის შემდეგ რამდენი წელი არ ხატავდით?

- იმ ამბის მერე 11 წელი ფუნჯს არ ვეკარებოდი. ამ ხნის მანძილზე ყოველთვის ვგრძნობდი, როგორც ცხოვრობდა ჩემი შემოქმედება ჩემგან დამოუკიდებლად - ჩემ შიგნით და იზრდებოდა. ვგრძნობდი, როგორ აგროვებდა ფერებს, კომპოზიციებს, განწყობებს, სურნელს და ენერგიას. რამდენიმე თვის წინ ისევ ვცადე და ავიღე ფუნჯი. ახლა ჩემს ტილოებს სხვადასხვა ქიმიური თუ ორგანული ნივთიერების სურნელთან ერთად ყველა ომის, უშუქობის, ხანძრის, სიცივის, მარტოობის, ბედნიერების, სიყვარულის და სიცოცხლის სურნელიც ასდის...

© photo: courtesy of Tariel Soziashviliტარიელ სოზიაშვილის შემოქმედება
წარსულის შუქ-ჩრდილი როგორც ინსპირაცია და სულში გაბნეული ფერადი ღმერთის ბურთულები - Sputnik საქართველო
ტარიელ სოზიაშვილის შემოქმედება

- დაპაუზებულმა სამყარომ როგორ შეცვალა თქვენი ხედვის რაკურსი, გამოსახვის ფორმები?

- რაც დრო გადის, ასაკთან ერთად გამოცდილება ყველაფერზე აისახება, განსაკუთრებით ხელოვნებაში, თუ სწორედ მიდიხარ, რა თქმა უნდა. მოკლედ, კარგი კონიაკივითაა. შესაბამისად, ქვეცნობიერის ნიადაგი უფრო ნოყიერია და უფრო მწიფდება ყოველი ნაყოფი, სიტკბოსი თუ სიმწარის, რომელიც შემდეგ ტილოზე გადადის. ნამუშევრებში გადმოსული ფორმა, ფერი თუ სიმბოლიკა მეტ ღრმა ემოციურ თუ ანალიტიკურ კვალს ტოვებს განვლილი ცხოვრებისას, რაც უკვე სხვა თვალიდან დანახულ სურათს ქმნის.

© photo: courtesy of Tariel Soziashviliტარიელ სოზიაშვილის შემოქმედება
წარსულის შუქ-ჩრდილი როგორც ინსპირაცია და სულში გაბნეული ფერადი ღმერთის ბურთულები - Sputnik საქართველო
ტარიელ სოზიაშვილის შემოქმედება

- თუ ეთანხმებით მოსაზებას - "რაც უფრო რთულია დრო, მით უფრო საინტერესოა ხელოვანისთვის არსებობა"?

- რა თქმა უნდა, დრო თავის გარემოებებით ახდენს გავლენას შემოქმედებით პროცესებზე. რეალური მაგალითებით თუ ვიმსჯელებთ, დიდი მხატვრების ბიოგრაფიებიდან ვიცით, რომ დალხენილად ცოტა ვინმე თუ ყოფილა. თუმცა, ვინც ყოფილა, მათაც საინტერესო პერიოდული დამთხვევები ჰქონდათ. იმ დროის მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ძნელია ცალსახად რამის თქმა, მაგრამ ყოველ მხატვარს, რა დროშიც უნდა ცხოვრობდეს, მისი შემოქმედების გამოსაკვებად თავისი შინაგანი სამყარო ყოველთვის ახლავს თან... 

 

ყველა ახალი ამბავი
0