თბილისი, 4 მაისი - Sputnik. ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-მ აბონენტებს, რომლებმაც მარტის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ვერ გადაიხადეს, დენის მიწოდება ორი თვის განმავლობაში არ შეუწყვიტა, წერს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში მთლიანად უფინანსდება.
„200 კილოვატ ელექტროენერგიის მოხმარებას ვინც გადასცდა ყველამ იცით რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული სუბსიდია არ შეეხო. მიუხედავად ამისა, ენერგო-პრო ჯორჯიამ გამოიჩინა კეთილი ნება და მარტის თვეში მოხმარებული დენის დავალიანების გამო, დენის მიწოდება არავის შეუწყვიტა. კომპანიამ ასევე გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში საერთოდ არ არსებობდა სუბსიდია, აღნიშნულ თვეში მოხმარების გამოც არავის შეუწყვიტა ენერგომომარაგება“, - აღნიშნა ავთო დვალიშვილმა.
კომპანიის მონაცემებით, ამ დროისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადასახდელი აქვს 23 ათასამდე აბონენტს, სუბსიდია შეეხო 751 852 აბონენტს, ხოლო 160 690 სუბსიდირება არ შეხებია.
დღეის მდგომარეობით Energo-Pro Georgia 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება. კომპანიას აქვს 5 ფილიალი და 59 მომსახურების ცენტრი და ის ელექტროენერგიას საქართველოს რეგიონებს და თბილისის შემოგარენს აწვდის.
„კომპანია არის სადისტრუბუციო ენერგოკომპანია, თავადაც ყიდულობს სხვადასხვა მომწოდებლებისგან დენს და მერე აწვდის თავის აბონენტებს... ალბათ ისიც გესმით, რომ სულ გადაუხდელობა ვერ გამოვა, მაშინ „ენერგო-პროსაც“ გაუჭირდება თავის მომწოდებლებთან ანგარიშსწორება. ამიტომ მაქსიმალურად ეხმარება კომპანია ყველას, რომ გადაიხადოს დენის საფასური, გადანაწილებით და ა.შ.“, - წერს ავთო დვალიშვილი.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაჩერდა ტრანსპორტი და სხვ., ამიტომ მოსალოდნელია უმუშევართა რაოდენობის ზრდა. კონკრეტულად რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ჯერჯერობით უცნობია. პრობლემა შეეხო დასაქმებულებსაც და თვითდასაქმებულებსაც. სახელმწიფო მათ და მთლიანად მოსახლეობას დახმარებას შეჰპირდა უმუშევრობისა და პროდუქტებზე ფასების ტოტალური მომატების პირობებში.