თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია მისცა, ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გარდაბნის თბოსადგური 2“ საქართველოს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. 230 მეგავატი სიმძლავრის „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალური გახსნა გარდაბანში მიმდინარე წლის იანვარში გაიმართა. ბუნებრივ აირზე მომუშავე შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის საპროგნოზო გამომუშავება 1,2 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს.
„კომბინირებული ციკლის, თანამედროვე ტიპის თბოსადგური უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროსისტემის საიმედოობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება მდინარეებში წყლის ნაკლებობის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის (GOGC) დაფინანსებით ჩინურმა კომპანიამ China Tianchen Engineering Corporation ააშენა. ინვესტიციის მოცულობამ 180 მლნ დოლარი შეადგინა. ახალი თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ ნაკლებ გაზს მოიხმარს, ის უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში არსებული ბუნებრივ გაზზე მომუშავე ძველი ენერგობლოკები.
თბოელექტროსადგური აღჭურვილია თანამედროვე ტიპის „ჯენერალ ელექტრიკის“ (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებითა და გენერატორებით. თბოსადგური შედგება რამდენიმე დანადგარისგან: აირის ტურბოგენერატორი „21“ – 75 მგვტ ნომინალური სიმძლავრით, აირის ტურბოგენერატორი „22“ 75 მგვტ ნომინალური სიმძლავრითა და ორთქლის ტურბოგენერატორი 80 მგვტ ნომინალური სიმძლავრით.
კომპანია „ჯენერალ ელექტრიკი“ გაზისა და ორთქლის თანამედროვე ტიპის ტურბინების წარმოების მხრივ ლიდერია მთელ მსოფლიოში და ხარისხის მაღალი სტანდარტითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა.
თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში დასრულდა.