საიდან მიიღებს გაზს გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური

© Government of Georgia„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“
„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო აზერბაიჯანიდან საკმარისი რაოდენობის ბუნებრივ აირს ახალი მილსადენების - TANAP და TAP-ის ამოქმედების შედეგად მიიღებს

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. 230 მეგავატის სიმძლავრის „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ საქართველოში ელექტროენერგიის მთლიან მოთხოვნას დაფარავს, თუ ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხი გადაწყდება, მიაჩნიათ ენერგეტიკოსებს.

თბოელექტროსადგური „გარდაბანი 2“ ჩინურმა კომპანია China Tianchen Engineering Corporation (CTEC) საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის (GOGC) დაფინანსებით ააშენა. ინვესტიციების ოდენობამ 180 მილიონი დოლარი შეადგინა. ახალი თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ ნაკლებ გაზს მოიხმარს, ის უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში არსებული ბუნებრივ გაზზე მომუშავე ძველი ენერგობლოკები.

შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მოძიებისთვის ტენდერი გამოცხადდა >>

ექსპერტების თქმით, ახალი თბოელექტროსადგური მომარაგდება აზერბაიჯანული გაზით, რომელსაც საქართველო ტრანზიტის შედეგად იღებს.

ახალი თბოელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გარდაბანში კომბინირებული ტიპის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

„მხოლოდ „გარდაბანი 2“ წელიწადში 1,3 – 1,5 მილიარდ კილოვატ/საათის გამომუშავებას შეძლებს, რაც იმპორტის პრობლემას მთლიანად მოხსნის, თუკი გაზის მიწოდების საკითხი გადაწყდება. რაც შეეხება გაზს - 2020 წელს დაახლოებით 20-30%-ით უნდა გაიზარდოს საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთში გატანილი გაზის მოცულობა, რადგან TANAP-ი უკვე სრულად ამოქმედდა, და ჩვენ გვექნება ოპციური გაზის ისეთი მოცულობა, რომელიც „გარდაბანი1“-ის და „გარდაბანი2“-ის მომარაგებას ეყოფა, და ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ იმას, რომ თბოელექტროსადგური საბაზისო ელექტროენერგიას გამოიმუშავებს“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ტელეარხ TV Pirveli-ის ეთერში.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა გიორგი ბახტაძემ აღნიშნა, რომ თბოელექტროსადგურისა და მთელი საქართველოს გაზით უზრუნველსაყოფად 2024 წლისთვის ქვეყანაში გაზსაცავი აშენდება.

„ჩვენ ვგეგმავდით გაზსაცავის აშენებას 2021 წელს, მაგრამ გაზსაცავის პროექტი ძალიან რთულია და სერიოზულ ტექნიკურ სამუშაოებს მოითხოვს. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ეს პროექტი, გავაკეთეთ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რასაც ბევრი დრო დასჭირდა. ახლა უკვე პირველ კვარტალში გაირკვევა გამარჯვებული კომპანია და 2020 წლის მეორე ნახევარში გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება“, - განაცხადა ბახტაძემ.

ახალი პროექტი ენერგეტიკის სფეროში საქართველოს 62 მილიონი დოლარი დაუჯდება >>

თბოელექტროსადგური აღჭურვილია კომპანია „ჯენერალ ელექტრონიქსის" (GE-Power) გაზისა და ორთქლის თანამედროვე ტიპის ტურბინებით, ასევე გენერატორებით. ეს კომპანია ამ მოწყობილობების წარმოების მხრივ ლიდერია მთელ მსოფლიოში და ხარისხის მაღალი სტანდარტითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა.

თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0