2020 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დასრულდა

© courtesy of NAEC Georgiaერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდის, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის ვადა დასრულდა, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოცდებისთვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და 30 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. ცვლილება შეეხო მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს.

გახარია: ერთიანი ეროვნული გამოცდები აუცილებლად ჩატარდება>>

უწყების ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39,3 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სამაგისტრო გამოცდებზე - 12,6 ათასზე მეტი კანდიდატი, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი 3,6 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, დარეგისტრირდა ასევე 19,6 ათასზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.

„ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები. 

გამოცდაზე - Sputnik საქართველო
რა ცვლილებები ელოდებათ აბიტურიენტებს 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე – დეტალები

2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობის (ფორმა №100) წარდგენის ვადა.

კერძოდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თუ აპლიკანტს გამოცდაზე ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა ცენტრში 30 აპრილის 18:00 საათის ნაცვლად 1 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარადგინოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00-დან 16:00 საათამდე შეუძლიათ. ონლაინ რეჟიმში ღია კარის დღეები იმართება ასევე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვისაც ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე.

ამის გარდა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის „ცხელი ხაზი“. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო გაკვეთილებით სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა>>

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ავსებს პირად მონაცემებს, ირჩევს საგამოცდო ქალაქს, ჩასაბარებელ საგნებსა და, საჭიროების შემთხვევაში, მონიშნავს სპეციალურ პირობას. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

ყველა ახალი ამბავი
0