თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებითა და მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.
უწყების ცნობით, ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს.
„სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებენ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ნებისმიერი დამატებითი ცვლილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ „ფეისბუქ" და ვებ-გვერდებზე“, – აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როდის განახლდება სწავლა სკოლებში – პრემიერის არადამაიმედებელი პროგნოზი>>
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ აპლიკანტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) 16 აპრილის ნაცვლად 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინოს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინ-რეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ.
ამას გარდა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის „ცხელი ხაზი“. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო გაკვეთილებით სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.
სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები პირდაპირ ეთერში ჩაუტარდებათ>>
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ავსებს პირად მონაცემებს, ირჩევს საგამოცდო ქალაქს, ჩასაბარებელ საგნებსა და, საჭიროების შემთხვევაში, მონიშნავს სპეციალურ პირობას. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.
უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო გამოცდა უნდა ჩააბარონ: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი ან გამოყენებითი ხელოვნება ან კიდევ სამოქალაქო განათლება.
გამოცდებზე რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემოღებულ ზომებს უკავშირდება.
საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.
ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 79-ს მიაღწია. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 247. გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი.