თბილისი, 1 მაისი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო ავსტრიაში დარჩენილი ასამდე საქართველოს მოქალაქის სამშობლოში დასაბრუნებლად ქართული ავიაკომპანია Myway Airlines 1 მაისს თბილისი-ვენა-თბილისის ჩარტერულ რეისს შეასრულებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16:30 საათზე გაფრინდება, საქართველოში კი 00:15 საათზე დაბრუნდება.
კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით თვითმფრინავში მგზავრების განლაგება ჭადრაკის დაფის პრინციპით მოხდება. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს კი სპეციალური აღჭურვილობა ექნება.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მგზავრები 14-დღიან საკარანტინო სივრცეში მოთავსდებიან.
მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციით, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში.
2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17 627 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი ავიარეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით ორგანიზებულად დაბრუნდა 8 728 მოქალაქე.