ბრენდის შექმნის იდეა კესო გველესიანს მაშინ გაუჩნდა, როცა ორნამენტის შეწავლა დაიწყო. „ისეთი საინტერესო იყო ორნამენტის შექმნის პროცესი, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, ამ ორნამენტებით რამე ისეთი შემექმნა, რაც აქტიურ წარმოებაში არ იყო და სიახლე იქნებოდა“, - ამბობს კესო ჩვენთან საუბრისას.
- პროფესიით გრაფიკული დიზაინერი ვარ. ეს პროფესია აღმოვაჩინე სამი წლის წინ, მაშინ როცა ხატვა დავიწყე. თავიდან Crative education studio-ში გავიარე კურსები, შემდეგ გადავწყვიტე სამხატვრო აკადემიში ჩამებარებინა. ახლა უკვე მეორე კურსზე ვარ.
- რა არის „რიდე“ და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?
- ბევრმა არ იცის, რომ „რიდე” ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს - თავსაბურავს. მისი შექმნის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩნდა, მაშინ როცა ვისწავლე საგანი - ორნამენტი. ისეთი საინტერესო იყო ორნამენტის შექმნის პროცესი, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ ამ ორნამენტებით რამე ისეთი შემექმნა, რაც აქტიურ წარმოებაში არ იყო და სიახლე იქნებოდა, თუმცა ორნამენტებს სხვა ილუსტრაციებიც დაემატა.
- საქმიანობას მარტო უძღვებით თუ გეხმარებათ ვინმე?
- ყველაფერს მარტო ვაკეთებ. შარფის ყველა დიზაინი ჩემი შექმნილია, ასევე შეფუთვის დიზაინიც. ფეიჯის დიზაინზეც მე ვზრუნავ და ფოტოებიც ყველა ჩემი გადაღებულია. მგონია, რომ ჩემზე მეტ ენერგიას არავინ ჩადებს და ამიტომ ჯერ ვერავის გავუნაწილე „რიდე“. ვთანამშრომლობ, მხოლოდ კურიერებთან.
ორნამენტების შექმნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და არასდროს იცი წინასწარ როგორი გამოვა. ილუსტრაციებს ვხატავ ციფრულად, ვადგენ ფერთა გამას და შემდეგ ვიწყებ მუშაობას.
- საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადია თქვენი შარფები. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ბრენდის პოპულარობა?
- სიმართლე გითხრათ არ ველოდი ასეთ მოკლე დროში ამხელა მოთხოვნას. ერთია როცა შენი პროდუქტი შენ მოგწონს, მაგრამ მეორეა როცა სხვებიც პოზიტიურად იღებენ მას. ჩემთვის პრიორიტეტული არის ხარისხი, ამიტომ დიდი დრო დავუთმე ადგილის არჩევას, სადაც ჩემს მოთხოვნებს დააკმაყოფილებდნენ როგორც ქსოვილის ხარისხით, ასევე მასზე დატანილი ფერებით.
ვფიქრობ ხარისხის გარდა ადამიანებს მოსწონთ, რომ ჩემი შემოქმედება გადამაქვს შარფებზე და არა სხვა ცნობილი მხატვრების ნახატები. ალბათ მთავარი წარმატების მომტანი ის არის, რომ რასაც ვაკეთებ დიდი პასუხისმგებლობით და სიყვარულით ვეკიდები.
- წარმატება მარტივად არ მიიღწევა. ალბათ იყო სირთულეები, რომლის გადალახვაც მოგიხდათ. რა პრობლემებს და სირთულეებს აწყდებოდით გზაზე?
- ვერ ვიტყვი, რომ რამე მნიშვნელოვანი სირთულის გადალახვა მომიწია, უბრალოდ დროთა განმავლობაში მომხმარებლებთან ერთად იხვეწებოდა „რიდე“ და მისი შეფუთვის დიზაინი. ყოველთვის ვიღებ შენიშვნებს და ვცდილობ ყოველდღე უკეთესი გავხადო.
- რამდენიმე თემაზე ქმნით შარფებს. მოგვიყევით ამის შესახებ, რა მიმართულებებია და რატომ შეარჩიეთ ეს თემები?
- მიმართულება სულ ორი მაქვს. დისნეის ხაზი, რომლებიც როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის შეიქმნა და ქართული ხაზი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქართული ნაწარმი. დანარჩენი მოდელები კი უბრალოდ ჩემი განწყობაა, თავს არ ვიზღუდავ დიზაინის შექმნის დროს.
- მომხმარებლის დიზაინით, მოთხოვნით თუ ქმნით შარფებს?
- მომხმარებლის სასურველი დიზაინით არ ვიღებ შეკვეთებს, რადგან „რიდე“ არის ქართული ბრენდი და მისი დამახასიათებელიც სწორედ ის არის, რომ მხოლოდ საკუთარი დიზაინით იქმნება.
- ყველაზე მეტად როგორი დიზაინის შარფებია მოთხოვნადი, რა მოსწონთ ქალბატონებს?
- ყველაზე მოთხოვნადი არის შარფი ძველი ქართული ანბანით, თუმცა არის კიდევ 2-3 მოდელი, რომლებიც განსაკუთრებულად მოთხოვნადია.
- ამ ეტაპზე ახერხებთ მუშაობის გაგრძელებას? მოგეხსენებათ კორონავირუსმა არა ერთ ბიზნესს შეუქმნა პრობლემები...
- მუშაობას ვაგრძელებ, მაგრამ დამოკიდებული ვარ სტამბაზე, ასევე რთულია ქსოვილების მოძიება. როგორც იცით ეს კრიზისი ყველას შეეხო, ამიტომაც შეზღუდული რაოდენობით გვაქვს შარფები და იმედი მაქვს მალე შევძლებ მეტის დამზადებას.
- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ...
- პირველ რიგში მინდა „რიდეს“ სტენდი გაიხსნას, შემდეგ აუცილებლად დაემატება ახალი ხაზიც, რომელზეც უკვე ვმუშაობ.