ბათუმელი მწერლის, საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელისა და საერთაშორისო მწერალთა ასოციაციის წევრის თამარ ნიკურაძის ინიციატივით ტარდება კონკურსი სახელად „ლეგენდა სიკეთის დედოფალზე“. არსებული ვითარების გამო ის დროებით შეჩერებულია, თუმცა სამომავლოდ კონკურსი გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მსურველთა ასაკი შეზღუდული არ არის. ამჟამად 45 საკონკურსო განაცხადია შეტანილი.
- ქალბატონო თამარ, საიდან გაჩნდა ქალზე თანამედროვე ლეგენდის შექმნის იდეა?
- კონკურსის მიზანი სიკეთის დედოფალზე ლეგენდების შექმნა და შეგროვებაა. ამგვარი კონკურსის იდეა საქველმოქმედო საქმიანობამ მიკარნახა. რამდენიმე წლის წინ დავაარსე ფონდი, რომლის ფარგლებშიც საქმიანობის დროს ძალიან ბევრი ქალბატონი გავიცანი. ისინი დღევანდელ პირობებში ახერხებენ საკუთარი ძალებით გაუმკლავდნენ პრობლემებს, დროის მოთხოვნებს და ღირსეულად ცხოვრების მაგალითი მისცენ ყველას. ეს ქალბატონები თავისი ცხოვრების წესით, გარკვეული გაგებით, გმირები არიან. ამიტომ სურვილი გამიჩნდა, რომ მათ თანამედროვე ლეგენდებში დაემკვიდრებინათ ადგილი. ამ გზით ლიტერატურაში გარკვეულად ახალი, ცოცხალი პერსონაჟები შემოვლენ.
- ასეთი პერსონაჟები პირობითად „სიკეთის დედოფლის“ სახელით დამკვიდრდებიან?
- დიახ, ამგვარი ლეგენდის გმირი თანამედროვე ქალის სოციალური ფიგურა იქნება. სიკეთის დედოფლის მისიაა ადამიანები წაახალისოს იმისთვის, რომ მათ ქველმოქმედება ცხოვრების წესად აქციონ. სიკეთე, მოგეხსენებათ, გადამდებია და ამგვარად ამ კონკურსის შედეგად გამომზეურებული ამბები და გმირებიც, იმედი მაქვს, სამაგალითო გახდება.
- შექმნილმა სიტუაციამ ალბათ გარკვეული კორექტივები შეიტანა კონკურსში?
- კონკურსი რა ხანია დავიწყეთ, მასში მონაწილეობის მსურველთა 45 განაცხადია შემოსული, ლეგენდების მათებური ვერსიებიც გვაქვს, მაგრამ, გასაგებ მიზეზთა გამო, ის ვერ დავასრულეთ. თუმცა, შესაძლოა, ვირუსის გამო შექმნილმა უჩვეულო სიტუაციამ ახალი და კიდევ უფრო საინტერესო პერსონაჟები და სიუჟეტები გააჩინოს მონაწილეთა ფანტაზიაში, ჩვენ კი ორიგინალური და, რაც მთავარია, თანამედროვე ლეგენდების შექმნის მოწმე გავხდეთ, რაც თავისთავად საინტერესო იქნება. ასე რომ, კონკურსი გრძელდება. ასეთი კონკურსის ჩატარების იდეა ბათუმში გავაცანით ქალბატონს, რომელსაც ის მოეწონა და სპონსორობის სურვილი გამოთქვა. დასაწყისში ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიწია, მაგრამ გვაიმედებს და სტიმულს გვაძლევს ის ფაქტი, რომ შემოსულ ნიმუშებს შორის ძალიან საინტერესო ვერსიებიც გვაქვს. მართალია, კონკურსის ვადა უკვე ამოიწურა, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, რომ შექმნილი ლეგენდები კონკურსგარეშე შემოიტანოს.
- თქვენი აზრით, დღეს ვინ იმსახურებს გმირის ტიტულს?
- დღეს ჩემ თვალში ყველა ქალი გმირია, ვინც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და მით უფრო მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და სულიერ სიმშვიდეზე. ასეთებად, პირველ რიგში, მოიაზრებიან ის ქართველი ექიმი ქალები, ვინც საკუთარ სიცოცხლეს სხვების გადასარჩენად რისკის ქვეშ აყენებს. დღეს ამის ბევრი მაგალითია და იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენს საკონკურსო ნაშრომებშიც პოვებენ ასახვას.
- როგორც მწერალი რას ფიქრობთ, რა ხდება დღეს ჩვენს თავს და „ციგრიტის აცრა“ თუ დაიცავს მკითხველს „ვირუსისგან“?
- მიუხედავად ყველაფრისა, მე ვფიქრობ, რომ ქვეყნად სიყვარული გაორმაგდა და ჯერ კიდევ სად ვართ?! წინ დიდი, საინტერესო და სასწაული გზა გველოდება. ადამიანმა უკვე გააცნობიერა თავისი შეცდომები და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სამყარო მშვენიერი იყო, არის და იქნება. სანამ ამის გვჯერა, ყველაფერი მშვენივრად იქნება... რაც შეეხება „ციგრიტით აცრას“ (ასე ჰქვია ჩემს ნაწარმოებს) მჯერა, რომ ის მკითხველს, პირველ რიგში, გულგრილობისგან დაიცავს...