თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს პარლამენტს კანონის მიღების თაობაზე პენსიის გაზრდის შესახებ ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მიხედვით, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
პენსიების პირველი მსგავსი გაზრდა 2021 წლის 1 იანვრისათვის არის დაგეგმილი. ასაკობრივი პენსიონრები 20-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონრები - 25 ლარის ოდენობით.
„მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი განიცდის საკმაოდ დიდ გამოწვევებს, არათუ უარი არ ვთქვით ამ ინიციატივაზე, არამედ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ მოცემულობაში ეს მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია“, – განაცხადა მაჭავარიანმა ბრიფინგზე.
როგორ გაიზრდება პენსია
დღეისათვის საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს 60 წლიდან, ხოლო მამაკაცებს 65 წლიდან ენიშნებათ. საქართველოში პენსიას დაახლოებით 770,3 ათასი ადამიანი იღებს.
პენსია 220 ლარს შეადგენს. თუმცა უკვე 1 ივლისიდან დაახლოებით 406,2 ათასი 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერი პენსიასთან ერთად 30-ლარიან დანამატს მიიღებს.
მთავრობის ინიციატივით, მსგავსი განაწილება - 70 წლამდე და 70 წელს ზემოთ - პენსიების ინდექსაციის დროსაც შენარჩუნდება.
„ეს წესი შემდეგია: 70 წლამდე პენსიონერებისთვის, სულ მცირე, უნდა მოხდეს პენსიის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წლის ზემოთ ინფლაციისა და პლუს ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტის გათვალისწინებით, თუმცა ასევე გვაქვს მინიმუმი დაწესებული აბსოლუტურ გამოსახულებაში, ეს არის 70 წლამდე პენსიონერებისთვის, სულ მცირე, 20 ლარი, ხოლო 70 წელზე ზემოთ – სულ მცირე, 25 ლარი. თუ წინა კრიტერიუმები ამ მაჩვენებელს, 20-25 ლარს გადააჭარბებს, მაშინ ის არის ძალაში, თუ არა, გარანტირებულად 20-25 ლარით გაიზრდება პენსიები“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „საქართველოს ისტორიაში ერთ მოცემულ წელს პრაქტიკულად არასდროს ყოფილა, რომ 20 ლარზე მეტად გაზრდილიყოს პენსია“ და გაზრდილი პენსია პირველად უკვე 2021 წლის 1 იანვრიდან გაიცემა.
პენსიების ინდექსაცია საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს. ფონდის ანალიტიკოსების აზრით, საბაზო სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესების შემოღება პენსიონერების რეალური შემოსავლის გაზრდას და სიბერით გამოწვეული სიღარიბის შემცირებას შეუწყობს ხელს.
როგორ მიიღებენ დახმარებას თვითდასაქმებულები: რა უნდა ვიცოდეთ >>
საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებას მიიღებს. ტრანში ხელმისაწვდომი გახდება აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე და სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 200 მლნ დოლარით შეივსება, რათა საქართველოს ხელისუფლებამ დააკმაყოფილოს გადაუდებელი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებები.