თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებამ და რეზერვების დაგროვებამ საქართველოს ფინანსური სტაბილურობისთვის რისკების შემცირების საშუალება მისცა, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ონლაინ-პრეზენტაციის მიმდინარეობისას თემაზე „რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვა: კავკასია და ცენტრალური აზია“.
დისკუსიის ფარგლებში განიხილეს გლობალური ეკონომიკური კრიზისი ნავთობის ბაზრის ჩამოშლისა და ახალი კორონავირუსის გავლენის ფონზე.
„ჩვენი ამოცანა და პრიორიტეტი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, აქეთაა მიმართული ყველა ჩვენი ღონისძიებაც. საკმაოდ ეფექტიანი იყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღება. ამ რეგულაციისა და კიდევ სხვა მთელი რიგი საზედამხედველო პოლიტიკის ღონისძიებების შედეგად მივიღეთ დღევანდელი ფინანსური სისტემა: ძლიერი კაპიტალით, მაღალი ლიკვიდობით და მდგრადი აქტივებით“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, გასულ წლებში, ნეგატიური შოკების მიმართ მზადყოფნის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას მიმართა და სწორედ ამის გამო გახდა შესაძლებელი ფასებთან და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკების შემცირება.
საქართველოს კორონავირუსული ეკონომიკა: ანტიკრიზისული გეგმა და საგარეო დახმარება>>
ამასთან, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრისას გვენეტაძემ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონული ინტეგრაციისა და სავაჭრო არხების შენარჩუნება.
„უნდა ვაღიაროთ, რომ არსებული ჩაკეტილობა ნათელი დასტურია, თუ როგორი არაეფექტური და დამანგრეველია ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში ცხოვრება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში 15 კომერციული ბანკი მუშაობას, საიდანაც 14 უცხოური კაპიტალის მონაწილეობით ფუნქციონირებს. მარტში საბანკო სექტორის აქტივები 8,4%-ით გაიზარდა და 50,13 მილიარდი ლარი (15,7 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.
არადამაიმედებელი პროგნოზი საქართველოს ეკონომიკისთვის
სსფ-ში ვარაუდობენ, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ვარდნა 4%-მდე იქნება, ხოლო ინფლაცია 4,6%-ს შეადგენს.
თუმცა, სსფ-ის პროგნოზები 2021 წელთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურია. ფონდის შეფასებით, უკვე 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 3%-ით, ხოლო ინფლაცია 3,7%-მდე შემცირდება.
ამასთან, საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი კრიზისის პერიოდში სსფ-სგან დახმარებას მიიღებს.
ტრანში ხელმისაწვდომი გახდება აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ და დაახლოებით 200 მლნ დოლარი შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს საქრთველოს ხელისუფლების ორგანოებს დაეხმარება გადაუდებელი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში მხარს დაუჭერს>>
გარდა ამისა, საქართველო თანხხას სხვა პარტნიორებისგანაც მიიღებს.