თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მაქსიმალურად დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლაში, განაცხადა ბრიფინგზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა.
„სსფ აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან მიმდინარე პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, რაც საჭიროა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ეკონომიკის და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ვერა მარტინმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიურმა გავრცელებამ ქართველი ხალხის ყოფაზე უარყოფითად იმოქმედა და გააუარესა საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები.
ახალი სამწლიანი პროგრამა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას.
დეკემბერში სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ 41,4 მილიონი დოლარის ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფის და „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ერთი წლით გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ეკონომიკის განვითარების პროგნოზი
კონსალტინგური კომპანია Galt&Taggart თავის კვლევაში აღნიშნავს, რომ კრიზისი ყველაზე მეტად დააზარალებს სასტუმროებს, რესტორნებს, სავაჭრო ცენტრებს, დასვენებისა და გართობის სფეროს და ტრანსპორტს.
კრიზისი აისახება ასევე საფინანსო სექტორზე, სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორზე, ვაჭრობაზე, წარმოებაზე და განათლებაზე.
მომგებიანი გახდება ჯანდაცვის სფერო, ფარმაცევტული კომპანიები, სოფლის მეურნეობა, ელექტრონული ვაჭრობა, კომუნიკაციების სფერო და შიდა ტურიზმი.
ამასთან ერთად, ქვეყანაში მოსალოდნელია უმუშევართა რაოდენობის ზრდა.
კომპანია მიიჩნევს, რომ ეკონომიკის გადასარჩენად 1 მილიარდი ლარია საჭირო.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა
კორონავირუსის ეპიდაფეთქების ფონზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ეკონომიკური საქმიანობა შეიზღუდა. დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მომსახურების სფერო და ტურიზმის სექტორი, რომელთა უამრავი თანამშრომელი სამუშაოს გარეშე დარჩა. იმ პირთა ზუსტი რაოდენობა, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგვა, ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს მთავრობამ ბიზნესზე ნეგატიური ეფექტის შესარბილებლად უკვე მიიღო გარკვეული ზომები.
ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კომპანიებს – სასტუმროებს, რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებს და ა.შ. მთავრობამ საშემოსავლო და ქონების გადასახადი 1 ნოემბრამდე გადაუვადა. ეს შეეხება 18 ათას კომპანიას, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ, და ამ კომპანიებში დასაქმებულ 50 ათას მოქალაქეს.
გარდა ამისა, თბილისში მოქმედი რამდენიმე კომპანია მიწის იჯარისგან ერთი წლით გაათავისუფლეს.