თბილისი, 23 მარტი — Sputnik. კორონავირუსის პრევენციის მიზნით შიდა ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვა, ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება და მას სტიმულირება დასჭირდება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მინისტრის სიტყვებით, მთავრობამ მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი მოამზადა და სოციალური დაცვის შესაბამისი მექანიზმები შეიმუშავა.
„ჩვენ ღონისძიებების მთლიანი პაკეტი მოვამზადეთ. რამდენიმე სცენარი არსებობს, მსოფლიოშიც ყველა რამდენიმე სცენარს აკეთებს იმის მიხედვით, თუ რა ხანგრძლივობა და მასშტაბი იქნება ამ ვირუსის. შესაბამისად, არის სცენარი, როდესაც, პირობითად, 1,5-2 თვის შემდეგ ძირითადად აღდგება შიდა ეკონომიკური აქტივობები. პირველ რიგში საუბარია სოციალური დაცვის მექანიზმებზე იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკიდურესად გაუჭირდება, რადგან ან სამსახური დაკარგა დროებით, ან შემოსავლის წყარო შეუმცირდა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მინისტრის სიტყვებით, მთავრობა ბიუჯეტის გადახედვაზე მუშაობს, რომელიც განიხილება როგორც კრიზისული. მასში უნდა გაიწეროს ყველა შესაძლო სცენარები.
23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევამ 54-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა - 3, კარანტინის რეჟიმშია – 3254, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 233.