თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ჩინელი მეცნიერების ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ COVID-19-ით სიკვდილიანობა მამაკაცებში 2,4-ჯერ აღემატება ქალების სიკვდილიანობას და ამის პირველადი მიზეზიც დაადგინა. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Frontiers in Public Health.
ის ფაქტი, რომ COVID-19-ით დაავადების რისკის ჯგუფში ძირითადად ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები შედიოდნენ, პრაქტიკულად პანდემიის დაწყებისთანავე გახდა გასაგები. გარდა ამისა, ბევრი დაიწერა იმის თაობაზეც, რომ ბავშვებში დაავადება ან მსუბუქი ფორმით, ან სულაც უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. ექიმების დაკვირვებით ცნობილი გახდა ისიც, რომ მამაკაცები უფრო ხშირად იღუპებოდნენ კორონავირუსით, ვიდრე ქალები, თუმცა რატომ ხდებოდა ასე, ამაზე პასუხი არ ჰქონდათ.
პეკინის ტონგრენის საავადმყოფოს სწავლულმა COVID-19-ით დაავადებისა და გარდაცვალების გენდერული განსხვავების პირველი ანალიზი ჩაატარეს, რომელიც მოიცავდა 43 ისეთ პაციენტს, რომლებსაც მკვლევარი ექიმები თავად მკურნალობდნენ, და ასევე სხვა 1056 პაციენტსაც.
გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 მწვავე რესპირატორული დაავადება SARS-ის სინდრომის ვირუსს ჰგავს იმით, რომ უჯრედში შესაღწევად ისიც ცილა ACE2-ს იყენებს, მკვლევარებმა შესასწავლად აიღეს SARS-ით დაავადებული 524 პაციენტის მონაცემებიც.
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ COVID-19-ით გარდაცვლილთა შორის 70%-ზე მეტი მამაკაცი იყო, რაც ქალებში სიკვდილიანობას დაახლოებით 2,5-ჯერ აჭარბებდა — მიუხედავად ასაკისა. ანალოგიური ტენდენცია დაფიქსირდა SARS-ით 2003 წელს დაავადებულთა მონაცემებშიც.
საინტერესო გამოდგა ის ფაქტი, რომ ვირუსულ შეტევაში მონაწილე ცილა ACE2-ის დონე როგორც SARS-ის, ისე COVID-19-ის შემთხვევაში უფრო მაღალი ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ასევე დიაბეტის მქონე პაციენტებსა და მამაკაცებს — დამოუკიდებლად მათი ასაკისა.
კვლევის ავტორების აზრით, შესაძლოა სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ვირუსი მამაკაცებს უფრო მძიმედ უტევს.
ექიმების თქმით, საკითხი კიდევ უფრო ღრმა შესწავლას მოითხოვს, თუმცა უკვე მიღებული შედეგები — ეს პირველი ხილული მტკიცებულებაა იმისა, რომ მამაკაცები კორონავირუსის მიმართ მეტად მოწყვლადები არიან.