თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. კორონავირუსს, დიდი ალბათობით, შეუძლია მოულოდნელი ინსულტები გამოიწვიოს 30-40 წლის ადამიანებში, რომლებსაც დაავადება სერიოზულად არც უვლინდებათ, იუწყება ტელეარხი CNN–ი ნიუ–იორკის საავადმყოფოების ქსელის, Mount Sinai Health System–ის ექიმებზე დაყრდნობით.
Doctors say COVID-19 causes sudden strokes in young adults: https://t.co/H7VFCa1ozd pic.twitter.com/u7GQtiPO7z
— WDRB News (@WDRBNews) April 23, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება იმისა, რომ COVID-19–ს აქვს უნარი, უჩვეულო სახით შეადედოს სისხლი, რასაც ინსულტები მოჰყვება. ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ ნეიროქირურგი ტომას ოქსლი და მისი რამდენიმე კოლეგა.
ოქსლიმ და მისმა კოლეგებმა დაკვირვება ჩაატარეს COVID-19–ით დაავადებულ ხუთ პაციენტზე, რომლებსაც COVID–19–ის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდათ ან საერთოდ არ უვლინდებოდათ სიმპტომები, სხვა სერიოზული დაავადებები კი არ აწუხებდათ და ამიტომ მკურნალობას შინ გადიოდნენ. ამ დროისათვის ერთი მათგანი უკვე გარდაცვლილია, დანარჩენები კი რეანიმაციაში არიან გადაყვანილები.
„ვირუსი, როგორც ჩანს, სისხლის შედედებას აძლიერებს მსხვილ არტერიებში, რასაც მძიმე ინსულტი მოჰყვება“, — აცხადებს ნეიროქირურგი და განმარტავს, რომ ინფიცირებულ ახალგაზრდა პაციენტებში მოულოდნელი ინსულტების სიხშირე შვიდჯერ გაიზარდა ბოლო ორ კვირაში.
გარდა ამისა, გამოცემა The Washington Post–ი წერს, რომ ბევრი მეცნიერის ვარაუდით, კორონავირუსი სისხლში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს, კერძოდ, წარმოქმნის თრომბებს. გაზეთის ცნობით, უკვე ბევრი სპეციალისტი მიდის დასკვნამდე, რომ აშშ–ში COVID-19–ის მსხვერპლთა მნიშვნელოვანი ნაწილის სიკვდილის მიზეზი შესაძლოა თრომბი ყოფილიყო.
ამასთან Yale–New Haven Hospital Center–ის კარდიოქირურგი ჰარლან კრუმჰოლცი განმარტავს, რომ, როდესაც სხეული აქტიურად იწყებს ბრძოლას ინფექციის აღმძვრელთან, ის ის ასევე იწყებს ზემოქმედებას სისხლის შედედების ფაქტორებზე, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თრომბის წარმოქმნა ან პირიქით, სისხლდენა.
„დაავადება ებოლას შემთხვევაში ბალანსი უფრო სისხლდენისკენ იყო, ხოლო COVID-19–ის შემთხვევაში, ეს უფრო თრომბებია“, - განაცხადა სპეციალისტმა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, კორონავირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, სულ მსოფლიოს 185 ქვეყანაში ინფიცირებულია 2 649 680 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 184 643 და განიკურნა 721 531 პაციენტი.