თბილისი, 28 აპრილი Sputnik. დღეიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 22 მაისამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.
ჩიქოვანის განცხადებით, სპეციალური გამკაცრებული რეჟიმი ლენტეხის მუნიციპალიტეტში 10 აპრილიდან მოქმედებდა, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში - 13 აპრილიდან. ამ რეჟიმის ფარგლებში დაახლოებით 4500-მდე ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. ასევე ჩატარდა შესაძლო კერების ყველა კონტაქტის მიზნობრივი კვლევა.
„მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, დღეიდან სპეციალური რეჟიმი ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში იქნება მოხსნილი და 28 აპრილიდან იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მოქმედებს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა ჩიქოვანმა.
ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 8 აპრილს გამოვლინდა. COVID-19-ით ინფიცირება 53 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებოდა.
გამყრელიძე – კარანტინის დატოვებამდე ტესტირებას ყველა გაივლის>>
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყური კი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც კორონავირუსი 30 წლის ქალს დაუდასტურდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყენაში კორონავირუსის დადასტურებული 511 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 156, გარდაცვლილი - 6. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 558 პაციენტი რჩება.