თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. კორონავირუსის გავრცელების გამო, თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა, საავადმყოფოში კი კარანტინი გამოცხადდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ერთ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა.
„ამ წუთებში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების განთავსება მიმდინარეობს. სულ თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტი განთავსდება. კარანტინი გამოცხადდა თეთრიწყაროს საავადმყოფოში, რადგან დაინფიცირებული პირველი პაციენტი თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთანია. სწორედ ექთნის კონტაქტებია 19 პირი. ექთნის პირველი დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ თეთრიწყაროში ინფიცირებულებიდან უმრავლესობა ექიმია.
„გუშინდელი მუშაობის შედეგია ის, რომ გამოვლინდა ინფიცირებულები, სამწუხაროდ, ჩვენი ბევრი კოლეგაა, დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევაა თეთრიწყაროში. დღესაც მუშაობს იქ ჩვენი ჯგუფი, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ. იმედია, რომ მოხერხდება, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში მოხერხდა, დროული შეკავება. მოძიებული იყო და ჩატარდა გამოკვლევები თეთრიწყაროში და პრაქტიკულად, გამოკვლეულების ნახევარი დადებითი აღმოჩნდა, ანუ მიზნობრივი ტესტირება ჩატარდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევა დადასტურდა, 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 522 ადამიანია.