თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. ცნობილმა ქართველმა მსახიობმა მერაბ ნინიძემ თაყვანისმცემლებს კარანტინში დროის გატარების მეთოდი შესთავაზა. როგორც აღმოჩნდა, ნინიძე არა მხოლოდ შესანიშნავი მსახიობია, არამედ კარგადაც მღერის.
ქართული კინო ვაშინგტონის დასაპყრობად მიემგზავრება - რომელ ქართულ ფილმებს აჩვენებენ აშშ-ში >>
მერაბ ნინიძემ Facebook-ის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პორტუგალიურად სიმღერას ასრულებს. ვიდეოს მიწერილი აქვს: „დარჩი სახლში და სცადე ბრაზილიური სიმღერა იმღერო... ან სხვა რამე... უბრალოდ სცადე“.
თაყვანისმცემლებს მოსწონთ მსახიობის მიერ შესრულებული სიმღერა. ვიდეომ დააგროვა 800-ზე მეტი მოწონება და 130-ზე მეტი გაზიარება.
მერაბ ნინიძე ცნობილი ქართველი მსახიობია, რომელმაც მაყურებლის აღიარება მოიპოვა ისეთ ფილმებში შესრულებული როლებით, როგორიცაა „მონანიება“, „ქაღალდის ჯარისკაცი“, „არსად აფრიკაში“ და სხვ.
მერაბ ნინიძეს ხშირად იღებენ უცხოურ ფილმებსა და სერიალებში. მას კარგად იცნობს პოპულარული ამერიკული სერიალის Homeland-ის მაყურებელი. სერიალის მეშვიდე სეზონში იგი რუსი ჯაშუშის, მიროვის როლს ასრულებს, რომელიც აშშ-ის ქალი პრეზიდენტის ლიკვიდაციის სპეცოპერაციას ამზადებს.
ქართველი მსახიობის ნახვა შეიძლება ასევე ამერიკულ ტელესერიალში „ბერლინის რეზიდენტურა“. გარდა ამისა, 2019 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მერაბ ნინიძემ ითამაშა დომინიკ კუკის ახალ ფილმში „რკინის ქერქი“ სახელგანთქმულ ბრიტანელ მსახიობ ბენედიქტ კამბერბეტჩთან ერთად. 2020 წელს მსახიობმა ფრეიდის მასწავლებლის როლი შეასრულა Netflix-ის ახალ გერმანულ-ავსტრალიურ დეტექტიურ სერიალში „ფრეიდი“.