ქართული კინო ვაშინგტონის დასაპყრობად მიემგზავრება - რომელ ქართულ ფილმებს აჩვენებენ აშშ-ში

© FB / My Happy Familyკადრი ფილმიდან „ჩემი ბედნიერი ოჯახი“
კადრი ფილმიდან „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელებს ქართველი რეჟისორების ექვს ფილმს უჩვენებენ

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის დედაქალაქი ემზადება თანამედროვე კინოს ქართული ფესტივალისთვის, რომელიც 13-16 ნოემბერს ვაშინგტონში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.

ამერიკელებს ქართველი რეჟისორების ექვს ფილმს უჩვენებენ. ეს, ძირითადად, ახალი ქართული კინოს ავტორებია.

1. „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი).

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ - რეჟისორები შეეცადნენ ეჩვენებინათ, რომ ქართველ ქალს შეიძლება არამარტო დედობა და ცოლობა მოუნდეს, არამედ ის შეიძლება იყოს ქალი, რომელსაც აქვს საკუთარი სურვილი - იცხოვროს თავისი ცხოვრებით. ეს არის დრამა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალის ბედზე, რომელმაც თავისი პირადი ცხოვრების  კარდინალური შეცვლა და საკუთარი თავისთვის ცხოვრება გადაწყვიტა. მთავარ როლებში - ია შუღლიაშვილი და მერაბ ნინიძე. ფილმი ერთგვარ გარღვევას წარმოადგენს ქალთა შესახებ კინოში.

2. „არა, მეგობარო" (რეჟისორი: გიო მგელაძე)

ეს არის კინო ეჭვებში ჩავარდნილ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელმაც გადაწყვიტა „შავ სამყაროს“ ჩამოშორდეს. თითქოსდა წინ ნათელი მომავალია. მას ისღა დარჩენია მდინარეში იარაღი ჩაძიროს და ფორტუნა თავისკენ შემოატრიალოს. მაგრამ მთავარი გმირისთვის სწორედ ეს ნაბიჯი საბედისწერო აღმოჩნდება. 1994 წლის მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაღებულია ლევან აბაშიძე, ნინო კუხიანიძე, გიორგი გურგულია, გაგა ნახუცრიშვილი და სხვ.

3. „დედე“ (მარიამ ხაჭვანი)

„დედე" — სვანური ბალადაა სიყვარულზე. ის მოგვითხრობს სვან გოგონაზე, რომელიც იბრძვის სიყვარულისთვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში. დიალოგების დიდი ნაწილი სვანურ ენაზეა, მსახიობების უმეტესობაც სვანია. მკაცრ სვანეთის მთებში განვითარებული სიყვარულის ისტორია უამრავი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი გახდა. კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. მათ შორის პრესტიჟული საერთაშორისო კინოპრემია Asia Pacific Screen Awards (APSA).

4. „სხვისი სახლი“ (რუსუდან გლურჯიძე)

„სხვისი სახლი" — რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ფილმია. დრამა „სხვისი სახლი" საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის ერთობლივი ნაწარმოებია. იგი საქართველოში 1990 წელს მომხდარ სამოქალაქო ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება. მისი პრემიერა გასულ წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ფილმს პროგრამის გრან-პრი გადაეცა. ფილმს ასევე გადაეცა ამერიკელი კინოოპერატორების საზოგადოების ყოველწლიური პრემია და კინოპრემია „ნიკა“.

5. „საშიში დედა“ (ანა ურუშაძე)

დრამა „საშიში დედა" 50 წლის ქართველი დედის, დიასახლისი მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას – მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის მგზნებარე გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. მანანა გადაწყვეტს გადაეშვას ამ ვნებაში, მთლიანად დაიხარჯოს მასში — გონებრივადაც და ფიზიკურადაც. ფილმი მორალური ნორმებისა და სოციალური პასუხისმგებლობის თემას ეხება. დრამაში მთავარ როლს ნატო მურვანიძე ასრულებს. ფილმის ყულაბაშია უამრავი ჯილდო, ასევე ის იყო საქართველოდან წამოყენებული „ოსკარის“ პრემიაზე ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“. ანა ურუშაძე „ოსკარზე" ნომინირებული (ფილმი „მანდარინები") ქართველი კინორეჟისორის ზაზა ურუშაძის ქალიშვილია.

6. „შემთხვევითი პაემნები“ (ლევან კოღუაშვილი)

რომანტიკული დრამის მთავარი გმირი - 40 წლის ისტორიის მასწავლებელი სანდროა, რომელიც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს. სანდროს დედა შვილიშვილებზე ოცნებობს, მაგრამ მამაკაცს არ უმართლებს ქალებში, რომელსაც ის და მისი მეგობარი ივა გაცნობის საიტებზე პოულობენ.  მორიგი წარუმატებელი პაემნის შემდეგ სანდრო გაიცნობს მანანას, რომელსაც თურმე ჰყავს ქმარი, რომელის საპატიმროდან ვადაზე ადრე თავისუფლდება. როლებში: ია სუხიტაშვილი, ანდრო საყვარელიძე, კახი კავსაძე და სხვ.

კინოჩვენებების გარდა, ფესტივალის სტუმრებს ფილმების ავტორებთან შეხვედრები და დისკუსიები ელოდება. ყველა სეანსზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის ორგანიზატორებია საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი.

ყველა ახალი ამბავი
0