თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. საქართველო უახლოეს დღეებში რამდენიმე ქვეყნიდან COVID-19-ის ტესტების ახალ პარტიებს მიიღებს და მათი რაოდენობა 60 000-მდე გაიზრდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
საქართველომ კორონავირუსის პირველი ტესტ-სისტემები თებერვლის დასაწყისში მიიღო და იმ დროიდან შესაძლო შემთხვევებს ამოწმებს. გამყრელიძის თქმით, ამ დროისათვის საქართველოში 11 942 ტესტია ჩატარებული. დღეისათვის საქართველოში კორონავირუსზე ტესტირებას 11 ლაბორატორია ატარებს.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის საქართველოში 9000-მდე ტესტის მარაგია, ტესტების გარკვეულ რაოდენობას საქართველოში დღესაც ჩამოიტანენ. საქართველოს აქვს ტესტები გერმანიიდან, სამხრეთ კორეიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, ჩინეთიდან, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან (ჯანმო).
„დილისთვის, როცა ვარშავის ჩარტერი დაჯდება თბილისში, ეს რაოდენობა 21 000-მდე ავა. ხვალ ღამით, როცა ჩინეთის ჩარტერი ჩამოვა, ტესტების რაოდენობა 60 000-მდე გაიზრდება. შემდეგ, მაისის დასაწყისამდე არის 100 000 ტესტის გარანტია და უკვე დავიწყეთ მუშაობა შემდგომ 100 ათასზე, რომ მაისსა და ივნისშიც ეს თამასა დავიჭიროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა სთხოვა ყველას, ტესტების საკითხზე სპეკულაციას თავი დაანებონ.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, უკვე არსებობს გეგმა, ვინ უნდა ჩაერთოს ტესტირებაში, როდესაც ტესტირების მაჩვენებელი დღეში 1500-მდე ავა.
„უფრო მეტად მივაქცევთ ყურადღებას კარანტინში მყოფებს. დღესაც ბევრი ადამიანი გადავიყვანეთ, სიმპტომები ვისაც გაუჩნდა, ვმსჯელობთ ახლა იმაზე, რომ შესაძლებელია კარანტინიდან გამოსვლის წინ ადამიანებს ასევე ჩავუტაროთ PCR-ტექნოლოგიით ტესტირება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, უკვე დიდი ხანია, ტესტირება უტარდება პნევმონიის მქონე ყველა პაციენტს – ბავშვს, მოზრდილს, ნებისმიერ კლინიკაში მოთავსებულ ადამიანს.
„ყველა ადამიანს, ვისაც სჭირდებოდა PCR-ტესტირება ქვეყანაში, ეს ტესტირება ჩაუტარდა. რატომ ვაფართოებთ ახლა? იმიტომ დავიწყეთ ეს გაფართოება, რომ როდესაც ვამსუბუქებთ ე.წ. შემზღუდავ, ანუ საკარანტინო ღონისძიებებს, ორი მიმართულება უნდა გვქონდეს ძალიან სრულყოფილებაში და მზადყოფნაში. უფრო მეტი ადამიანის გატესტვის, ტესტირების საშუალება უნდა გვქონდეს და მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს ადამიანები, თუ ე.წ. შემსუბუქების პერიოდში შეიძლება მოიმატოს პერიოდულად“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ტესტების სახეობებს, დაავადებულთა გამოსავლენად ტესტების ორი ტიპი გამოიყენება - PCR-ტესტი და სწრაფი ტესტი.
დღეს მსოფლიოში ორი სახის ტესტი არსებობს, რომლებიც კორონავირუსს ავლენს. არის ძირითადი – PCR/პჯრ, ანუ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით კვლევისთვის. PCR–ტესტი ბიოლოგიური მასალით ავლენს, აქვს თუ არა ვირუსი ადამიანს და იძლევა ზუსტ შედეგს. ის ავლენს ვირუსის მიკრომოლეკულას. ამ ტესტების მეშვეობით შედეგის მიღება შესაძლებელია დაავადების პირველივე დღეს, მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.
არის ასევე სწრაფი ანუ ექსპრეს-ტესტი, რომლებიც ავლენს ანტისხეულებს, რომლებიც ინფიცირებიდან მესამე–მეშვიდე დღეს შეიძლება გამოვლინდეს, ანუ შედეგს ინფიცირების პირველივე დღეს არ იძლევა.
ჩინეთი იმუქრება: კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებულ გამოძიებას ცუდი შედეგი მოჰყვება >>
საქართველოში სამედიცინო პერსონალის გადამზადება ჩატარდა და კორონავირუსის სიმპტომების მქონე ავადმყოფების მკურნალობის პროტოკოლი არსებობს. გარდა ამისა, დაავადების უკეთესი კონტროლისთვის ყველა რეგიონში გაიხსნა ცხელების ცენტრები, რომლებიც მხოლოდ კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტების იღებენ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში 497კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156, გარდაცვლილი - 6. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5107, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 534.