თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. ახალციხის ცხელების ცენტრიდან კორონავირუსით ინფიცირებული შუახნის მამაკაცი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, განაცხადა ახალციხის ცხელების ცენტრის დირექტორმა გიორგი ბარძიმაძემ.
მისი თქმით, ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმე არაა და ის რისკჯგუფს არ განეკუთვნება.
ბარძიმაძის ინფორმაციით, ინფიცირებულს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
მამაკაცი ცხელების ცენტრში პარასკევს ახალციხის საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს, გორში კი დღეს გადაიყვანეს. მას ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონია.
ამ ეტაპზე ახალციხის ცხელების ცენტრში რვა პაციენტი რჩება, აქედან სამის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხებს, სავარაუდოდ, დღეს, 25 აპრილს მიიღებენ.
25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 132, გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5206 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.