აქციის ორგანიზატორები ინგლისიდან დაუკავშირდნენ მომღერალ ტყუპ დას, თეა და ლიანა შენგელაიებს. ამ შემოთავაზების შესახებ მათ სოციალური ქსელების პირად გვერდზე მიწერეს.
შეგახსენებთ, რომ დები ერთად წერენ მუსიკას და მათი მუსიკალური ბენდი ევროპაში „მკურნალი ტყუპები“ (Healer Twins)-ის სახელითაა ცნობილი. გარეგნობით გამორჩეულ და ნიჭიერ ტყუპს პირველად ყურადღება მიაქციეს არაბმა რეჟისორებმა, რომლებმაც ისინი ბევრ მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაიღეს. შემდეგ მათ მონაწილეობა მიიღეს ლეგენდარულ „ვარსკვლავურ ომებში“, სადაც ტყუპი დის როლი შეასრულეს.
ამჟამად ორივე და თბილისშია, ისინი კარანტინის პირობებშიც ახერხებენ სხვადასხვა აქტივობებს, ჩვენ დავუკავშირდით მათ და გავესუბრეთ.
- პირველ რიგში, რა უნდა შეასრულოთ ლაივ-ჩართვაზე?
-ამჟამად თბილისში ვართ და სახლიდან ჩავერთვებით. მსოფლიო კონცერტის დღეს ჩართვის შესახებ შემოთავაზება რამდენიმე დღის წინ მივიღეთ. ამ კონცერტით მუსიკოსები მხარს ვუჭერთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (World Health Organization (WHO) მიერ COVID-19-ის ბრძოლისთვის შექმნილ ფონდს. კონცერტიდან მიღებული შემოწირული თანხები მოხმარდება: პაციენტებს, წინა ფრონტზე მომუშავე მედპერსონალს და ასევე მათ, ვინც ვაქცინისა და მედიკამენტების კლინიკური კვლევებითაა დაკავებული. ამ ჩართვისთვის ხუთი სიმღერა შეავრჩიეთ. მათ შორისაა ახლახან დაწერილი სამი საავტორო სიმღერა: “Home”, “Look out the window” და “All we need is nature” , ორი სიმღერა ჩვენი პირველი საავტორო ალბომიდანაა და ტექსტის ავტორი ლიანა გახლავთ. ჩვენს სიმღერებს ბმულად ჯანმოს ფონდის ვებგვერდზე დავდებთ. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ფონდში ამ კამპანიის მეშვეობით შემოსული თანხა განაწილდება იმ ქვეყნებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. გვიხარია, რომ ამ ჩართვაში საქართველოს სახელით მივიღებთ მონაწილეობას.
-თუმცა სახლში ერთად ხართ კარანტინში, ამ კითხვაზე ალბათ ცალ-ცალკე მიპასუხებთ: რისი სურვილი გაგიჩნდათ ამ დღეებში?
ლიანა შენგელაია: მე პროფესიით ექიმი ვარ და სიმართლე გითხრათ, ისევ მომინდა კლინიკურ სფეროში დაბრუნება სოლიდარობის მიზნით. საერთოდ რაც შეეხება ფიქრს, მე სულ მახასიათებდა ბევრი ფიქრი და მარტო დარჩენასაც ვახერხებდი. მაგიტომაც ბევრი რამე უკვე აღმოვაჩინე საკუთარ თავში, რის მერეც გავაკეთე ის, რისი მოთხოვნილებაც ყოველთვის მქონდა არა მარტო ხელოვნების სფეროში. კარანტინის დღეებში, შეძლებისდაგვარად ვაქტიურობთ, რამდენიმე ჩართვა უკვე გვქონდა „აკუსტიკაში“.
თეა შენგელაია: პირველ რიგში, ამ განმარტოებამ ჩემში შინაგანი სიმშვიდე შემოიტანა, დავაფასე დრო, რომელიც ფიქრისთვის ფაქტიურად არ მრჩებოდა, დავაფასე ის წუთები, რომელიც მაკლდა ოჯახის წევრებთან გასატარებლად. დამაფიქრა იმ ფაქტმა, რომ თურმე შესაძლებელია ბევრი რამ სახლიდან აკეთო. მომენატრა ადამიანებთან უ რთიერთობა, რამაც უფრო დამაფიქრა ამ ურთიერთობების აუცილებლობაზე... ამის მერე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ცხოვრების სტილი სასიკეთოდ ხანგრძლივად შეიცვლება. კიდევ მჯერა, რომ გავხდებით უფრო ფრთხილები, როგორც ერთმანეთის, ასევე ბუნების მიმართ. ნაკლებად ვიქნებით გარეთ გასვლაზე ორიენტირებული და მეტ დროს დავუთმობთ ირგვლივ მყოფ საყვარელ ადამიანებს.
- რა გააკეთეთ ისეთი, რისი გაკეთებაც მანამდე გინდოდათ, მაგრამ ვერ იცლიდით?
ლიანა შენგელაია: ამ დღეებში შევქმენი ონლაინ გადაცემა “საუბრები ჯანმრთელობაზე”, სადაც მსოფლიოს სხვადა სხვა კუთხიდან მოწვეულნი იქნებიან წარმატებული მეცნიერი ქალები, რომლებიც გაგვიზიარებენ თავიანთ ცოდნას ჯანმრთელობის სფეროში ცნობიერების ასამაღლებლად, რაც ძალიან სჭირდება ყველას. რაც შეეხება პოზიტიურ მხარეს, პირველ რიგში, თბილისში ჰაერი გასუფთავდა და თუ ასე გაგრძელდება შემცირდება ბევრი ქრონიკული დაავადება, რაც ასე ჭარბადაა საქართველოში. როდესაც ეკოლოგიურ გლობალურ ჯანდაცვის საგანს გავდიოდი ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტში, ამ საკითხზე თემაც მაქვს დაწერილი. ამის გარდა ვცდილობ დრო გამოვნახო ყველაფრისთვის: ვხატავ, სიმღერებს ვწერ, ვცეკვავ. ჩემი ყოველი დილა ვარჯიშით იწყება. მთავარია, ცხოვრებაში ბალანსის მოპოვება და დროს ყველფრისთვის გამონახავ. ახლახან შევუერთდი ჩემი დუბაელი მეგობრების 21 დღიან მედიტაციის გამოწვევას, ცნობილ ამერიკელ/ინდოელ დიიპაკ ჩოპრასთან.
თეა შენგელაია: მარტივად შევძელი დღის განრიგის შეცვლა, ვასწრებ ბევრ რამეს, რასაც აქამდე ვერ ვასწრებდი (მაგ. ხატვა, კითხვა, ფილმების ყურება), მიხარია ის ფაქტი, რომ არსად მეჩქარება, ვარ ოჯახის წევრების გვერდით, ჩემს უსაყვარლესს წლინახევრის დისშვილთან ერთად. მომეცა საშუალება ჩემი სამედიცინო განათლებიდან გამომდინარე, რომ დისტანციურად ცოტაოდენი წვლილი შემეტანა ვირუსთან ბრძოლაში-შევქმენი გვერდი, სადაც ვათავსებ სანდო და საიმედო წყარეობიდან მოპოვებულ და ჩემს მიერ თარგმნილ, სუბტრიტრებიან ვიდეომასალებს, რომელიც ხელს უწყობს ამ ვირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციასთან ბრძოლას.
-რა იქნება პირველი, რასაც კარანტინის შემდეგ გააკეთებთ?
ლიანა შენგელაია: მე ახალბედა დედა ვარ და პირველ რიგში, ჩემს პატარასთან ერთად გავალ ბუნებაში. კიდევ კორტებზე გავალ და ჩოგბურთს ვითამაშებ. უკვე დავრწმუნდი იმაში, რომ ჩოგბურთის თამაში ძალიან მომნატრებია. ეს უფრო იმის მერე, რაც ჩოგბურთის სახლში, კედელთან თამაშის თაობაზე როჯერ ფედერერის გამოწვევა მივიღე და შევასრულე.
თეა შენგელაია: ალბათ პირველ რიგში, მოვინახულებ და ჩავეხუტები ბებიას, ბიძაშვილებს, რომლებიც თვეზე მეტია არ მინახავს, რადგან სოციალურ დისტანცირებას ვიცავთ, შემდეგ აუცილებლად მოვინახულებ ყველა ჩემ სმონატრებულ მეგობარს...