თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Rolling Stones-მა რვა წლის განმავლობაში პირველი სინგლი გამოუშვა და ის კორონავირუსის პანდემიას მიუძღვნა.
კომპოზიციას ეწოდება Living In a Ghost Town, რომელიც შეიძლება ასე ვთარგმნოთ - „ცხოვრება ქალაქ მოჩვენებაში“. სიმღერის ტექსტში არის ასეთი სიტყვები: „...ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ ახლა ლოკდაუნში ვართ/მე ვარ თითქოს მოჩვენება, რომელიც ქალაქ-მოჩვენებაში ცხოვრობს...“
„Rolling Stones ხმის ჩამწერ სტუდიაში ჯერ კიდევ COVID-19-მდე მუშაობდა. ერთ-ერთი სიმღერა Living In a Ghost Town ეხმიანება იმას, რის გადატანაც ახლა გვიწევს, ამიტომ გვსურდა ამ კომპოზიციის თქვენთვის გაზიარება“, - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში, რომელიც მათ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
Rolling Stones-ის ალბომების ტირაჟი, რომელთა ანგარიშზეც მხოლოდ 20 სტუდიური ჩანაწერია, 250 მილიონ ეგზემპლარს აღემატება. ორასი მილიონი ფირფიტა აშშ-ში გაიყიდა და ამ მაჩვენებლით ჯგუფი, რომელიც 1962 წელს შეიქმნა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა.
1989 წელს Rolling Stones როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის შეიყვანეს, ხოლო 2004 წელს ჟურნალმა Rolling Stone ისინი დაასახელა ყველა დროის „100 უდიდესი შემსრულებლის სიის“ მეოთხე ადგილზე. ჯგუფის ბოლო სიმღერებია Doom and Gloom და One More Shot, რომლებიც 2012 წელს შევიდა ალბომში GRRR!