თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოს „წითელი ჯვრის" საზოგადოებამ თურქეთის „წითელი ნახევარმთვარის" საზოგადოებისგან ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო. მათ შორისაა საველე ჰოსპიტლისთვის განკუთვნილი ორი კარავი და რისკის შესამცირებელი დამცავი აღჭურვილობა მოხალისეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ: მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქცია აქტიურად გრძელდება>>
ჰუმანიტარული დახმარების გადაცემაში მონაწილეობდა თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი, იუწყება პირველი არხი.
„საქართველოსთან თანამშრომლობით ერთად გადავრჩებით, გავზრდით მუშაობასაცა და ეკონომიკასაც. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ საზღვრები ქვეყნებს შორის კვლავ გაიხსნება“, – განაცხადა ელჩმა.
აღჭურვილობას მიიღებს ქართული „წითელი ჯვრის" 10 ათასი მოხალისე, რომლებიც საქართველოს რეგიონებში პირველადი მოხმარების საგნებით ამარაგებენ 70 წელს გადაცილებულ პირებსა და იმ ადამიანებს, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 431 ადამიანს. სამი მოქალაქე უცხოეთის ქვეყნებიდან გადმოიყვანეს სამკურნალოდ. 114 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხუთი – გარდაიცვალა. კარანტინში იმყოფება 5888 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.