თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს 12,6 ათასზე მეტ მოქალაქეს აღმოუჩინეს აუცილებელი დახმარება, ხოლო 7,6 ათასმა მოქალაქემ მოახერხა სამშობლოში დაბრუნება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
ერაყიდან ჩარტერული რეისით საქართველოში 70 თანამემამულე დაბრუნდა>>
მსოფლიოში COVID-19-ის საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, უცხოეთში მყოფ ქვეყნის მოქალაქეებს აქტიურად ეხმარება. საჭიროების მიხედვით, მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით. ასევე ეხმარებიან მათ სამშობლოში დაბრუნებაში.
„როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
24 აპრილს დაგეგმილია სპეციალური რეისი ბარსელონა–თბილისი, 27 აპრილს – ვარშავა–თბილისი, 30 აპრილს – მადრიდი–თბილისი, 2 მაისს – პრაღა–თბილისი. ფრენებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს.
ბილეთების ონლაინ გაყიდვა, როგორც წესი, ფრენამდე ორი დღით ადრე იწყება. ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ყველა მგზავრი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 14 დღით სავალდებულო კარანტინში თავსდება.