თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. დაიწყო საქართველოს იმ მოქალაქეების რეგისტრაცია, რომლებიც აზერბაიჯანში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საზღვრების დაკეტვის გამო დარჩნენ და სამშობლოში სურთ დაბრუნება, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ ქვეყანაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
საქართველოში დასაბრუნებლად რეგისტრაციისთვის ქვეყნის მოქალაქეებმა თავიანთი პასპორტის ფოტო უნდა გაგზავნონ ბაქოში დიპლომატიური წარმომადგენლობის ნომერზე +994 50 250 07 10 ( WhatsApp–ში).
მათ დასაბრუნებლად უახლოეს დღეებში სპეციალური ავტობუსები გამოიყოფა.
დარეგისტრირებულ მოქალაქეებს გამგავრებამდე ორი საათით ადრე მიუვათ შეტყობინება, სადაც მითითებული იქნება ადგილის მისამართი. ტრანსპორტირების ფასია ერთ ადამიანზე 20 მანათი (დაახლოებით 37 ლარი).
საქართველოში დაბრუნებულები ორ კვირას კარანტინში დაჰყოფენ.
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 14 მარტს დაიკეტა. საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება აზერბაიჯანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროს მიიღეს.