თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ბავშვები და მათი მშობლები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული კოლექციების ექსპონატების გაფერადებას შეძლებენ, ამის შესახებ მუზეუმის ხელმძღვანელობა ოფიციალურ ვებგვერდზე იტყობინება.
ამასობაში მომხდარი: ბიბლიის მუზეუმში დაცული ყველა „უძველესი“ გრაგნილი ყალბი აღმოჩნდა >>
ვებგვერდზე გამოქვეყნებულია გასაფერადებლები, რომლებიც მუზეუმის სხვადასხვა ექსპონატის მიხედვით შეიქმნა. გასართობის გარდა, პროექტს საგანმანათლებლო ხასიათიც გააჩნია: ექსპონატების გაფერადებისას ბავშვები და მათი მშობლები თითოეული ექსპონატის შესახებ საინტერესო ფაქტებს გაეცნობიან.
ამასთან ერთად, ეროვნული მუზეუმი ზრუნავს თვითიზოლაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე და ყველა მსურველს სთავაზობს ვირტუალურ ექსკურსიას მუზეუმში - მთავარია, ინტერნეტთან შეუფერხებელი წვდომაა.
საქართველოს მთავარმა მუზეუმმა, ბევრი უცხოურის მსგავსად, შექმნა საკუთარი ვირტუალური ვერსია, რომლის ნახვა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ.
„360 გრადუსიან ფორმატში წარმოდგენილ მუზეუმის ექსპოზიციასთან ერთად გთავაზობთ ვირტუალურ მოგზაურობას - აღმოაჩინეთ საქართველოში ნაპოვნი უნიკალური არტეფაქტები, „პირველი ევროპელები“, ქრისტიანობამდელი და შუა საუკუნეების დროინდელი ქართული ხელოვნება, კავკასიის ბიომრავალფეროვნება, ღვინის ისტორია, ქართული სამოსელი და სხვა უნიკალური კოლექციების ისტორიები“, - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.
ვირტუალურ ტურებთან ერთად ეროვნული მუზეუმი სოციალურ ქსელებში სთავაზობს სამუზეუმო კოლექციების კადრებს, არქივებს, სტატიებს და ონლაინ-ლექციებს კულტურული მემკვიდრეობის თემაზე.