თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველო ყველა მიმართულებით რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე – 2020 წლის 22 მაისამდე ახანგრძლივებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
აღინიშნება, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველომ საჰაერო სივრცე ყველა ავიაკომპანიისთვის 21 მარტს დაკეტა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე. პანდემიამდე ქვეყანაში სამგზავრო ფრენებს 32 ავიაკომპანია ახორციელებდა.