თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს მიმართავს. წერილი ცოტა ხნის წინ საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
პატრიარქი მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავს და აცხადებს, რომ ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას.
„ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვულოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითოეული თქვენგანის იმქვეყნად წასულ ოჯახის წევრსა და ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თავისი წყალობა მოჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და საყოფელსა მართალსა დააწესოს ისინი, ამინ“, – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.
საქართველოში დაძაბულნი ელოდნენ, თუ რამდენი მორწმუნე მივიდოდა აღდგომის ღამეს ღვთისმსახურებაზე სამების საკათედრო ტაძარში. სასულიერო პირები აცხადებდნენ, რომ დისტანციის დაცვით სამებაში დაეტეოდა დაახლოებით ორი ათასი ადამიანი, მაგრამ მათი რაოდენობა იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. მორწმუნეების ძირითადმა ნაწილმა დღესასწაულზე სახლში დარჩენა გადაწყვიტა.
მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მასობრივი სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება დიდ რისკს შეიცავს, რამდენიმე ასეული მორწმუნე მაინც მივიდა ტაძარში და მთელი ღამის განმავლობაში იქ იმყოფებოდნენ. საკომენდანტო საათის დარღვევის და ჯარიმის თავიდან ასაცილებლად მათ დილის 06:00 საათამდე ტერიტორია არ დაუტოვებიათ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 399 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 93 უკვე განიკურნა, ხოლო ოთხი გარდაიცვალა.