თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში საკვებით 50-მდე ადამიანი მოიწამლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეები საქართველოს ბევრ რეგიონშია მოწყობილი. უცხოეთიდან დაბრუნებული ყველა პირი სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გადის. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4782 ადამიანი იმყოფება.
„50-მდე პირის საკვებისმიერი მოწამვლის შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იყო ორი დღის წინ. ორი მათგანი იყო საყურადღებო, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, დახმარების აღმოჩენის შემდეგ, კვლავ კარანტინში დაბრუნდნენ. სხვა შემთხვევები იყო მსუბუქი. შემთხვევას სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.
ნიჟარაძის განცხადებით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.14 დღიანი საკარანტინო ვადის ამოწურვის გამო მათმა ნაწილმა უკვე დატოვა საკარანტინო ზონა.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულებს, 20 აპრილის მდგომარეობით საქართველოში მათი რიცხვი 402-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა 4 პაციენტი.
საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ მისი 10 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.