თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. მაისში WTI მარკის ერთი ბარელი ნავთობი, ისტორიაში პირველად, ხუთ დოლარზე ნაკლები ეღირება, ამაზე ვაჭრობის მონაცემები მეტყველებს.
ამ დროისთვის მაისისთვის დადგენილი ფასი არის 4,05 დოლარი ერთ ბარელ ნავთობზე. ბოლო დრომდე ერთი ბარელი ნავთობის ღირებულების ისტორიული მინიმუმი 9,75 დოლარი იყო.
ივნისში WTI მარკის საწვავი თითქმის ათი პროცენტით ნაკლები ეღირება - ერთი ბარელის ფასი 22,62 დოლარამდე დაეცა. თავის მხრივ, Brent მარკის ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის ნაზავის ფასი ივნისში ხუთი პროცენტით შემცირდა - ერთი ბარელის ღირებულება 26,66 დოლარი გახდა.
კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილებას საგრძნობლად ამცირებს. პირობებში, როდესაც კარანტინის გამო მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდულია, საწარმოები კი - დახურული, ინტერესი საწვავისადმი მკვეთრად მცირდება.
აპრილის დასაწყისში „ოპეკი+“ წევრი ქვეყნების ახალი შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე კოტირებებმა მატება დაიწყო. შედეგად, გარიგება შედგა, მოპოვება კი უახლოეს ორ თვეში 9,7 მილიონი ბარელი ნავთობით შემცირდება. თუმცა ამას არ უმოქმედია ფასების სტაბილიზებაზე, ვინაიდან საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოსა და ოპეკში ნედლეულზე მოთხოვნილების რეკორდულ შემცირებას ვარაუდობენ.