თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, კლდიაშვილის ქუჩაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
თვითმხილველების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს სამართალდამცველებმა სოციალური დისტანცირებისა და საგანგებო მდგომარების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც საპატრულო ეკიპაჟთან დაპირისპირება მოჰყვა.
მოქალაქეთა დაკავების დროს შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავებულის ოჯახის წევრია. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარებაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მოქალაქე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.