თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გლობალური რეცესიის პირობებში მსოფლიო 2020 წელს, შესაძლოა, ასობით ათასი ბავშვის სიკვდილის მოწმე გახდეს, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, რის შესახებაც წერს სააგენტო Reuters-ი.
გენერალურმა მდივანმა მოუწოდა მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებსა და ასევე თითოეულ ოჯახს, ყველა დონეზე დაიცვან ბავშვები.
გუტერეშის თქმით, ახლა პლანეტის 1,5 მლრდ მოსწავლე არ დადის სკოლებში. და ეს იმ დროს, როდესაც 143 ქვეყნის 369 მლნ მოსწავლისთვის სწორედ სკოლაა ყოველდღიური კვების ერთადერთი და მუდმივი წყარო.
ამასთან, ანტონიუ გუტერეში ხაზს უსვამს, რომ ბავშვები სულ უფრო ხშირად ხდებიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, რისი იგნორირებაც კატეგორიულად დაუშვებელია.
გარდა ამისა, გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ პანდემია შეეხო ვაქცინაციის პროგრამებსაც, რაც კიდევ უფრო ზრდის ბავშვთა სიცოცხლესთან დაკავშირებულ რისკებს.
„პოლიომიელიტის ვაქცინაციის კამპანიები შეჩერდა. წითელას საწინააღმდეგო აცრები მინიმუმ 23 ქვეყანაში შეწყდა. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის სამსახურები გადატვირთულია, დაავადებულ ბავშვებს სულ უფრო ნაკლებად მიუწვდებათ ხელი მკურნალობაზე“, — აღნიშნა გუტერეშმა.
გენმდივნის თქმით, პრიორიტეტული ახლა ბავშვთა ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფები უნდა იყოს: კონფლიქტების გარემოში მცხოვრები, ლტოლვილი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.