თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული „ნულოვანი პაციენტი“ ქალაქ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში მუშაობდა, იუწყება ტელეარხი Fox News წყაროებზე დაყრდნობით.
არხის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რომელიც „ჩინეთის ხელისუფლების ადრეულ ნაბიჯებსა და ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს იცნობს“, ლაბორატორიის თანამშრომელი ღამურისგან დაინფიცირდა კორონავირუსით, რის შემდეგად ადგილობრივი მოსახლეობა დაასნებოვნა.
Fox News-ის კიდევ ერთი წყარო ჩინეთს ისტორიაში „სამხილების დაფარვის ყველაზე ძვირადღირებულ ოპერაციაში“ ადანაშაულებს.
სენატორი ბრალს სდებს: „ჩინეთი უნდა დაისაჯოს“>>
ამასთან აღინიშნება, რომ ლაბორატორია არ მუშაობდა ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე. მისი ამოცანა იყო, წარმოეჩინა ჩინელი მეცნიერების მოწინავე მიღწევები ვირუსების კვლევის კუთხით.
პარალელურად აშშ-ის ხელისუფლება, რომელმაც მანამდე არაერთხელ დაადანაშაულა ჩინეთი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვაში, კვლავ მოითხოვს პეკინისგან მეტ გამჭვირვალობას პანდემიის პირველმიზეზების კუთხით.
„ჩვენ ვიცით, რომ ვირუსი უჰანში გაჩნდა. ჩვენ ვიცით, რომ იქ არის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი — [თევზის] ბაზრიდან სულ რამდენიმე მილის დაშორებით. კიდევ ბევრ რამეს შევიტყობთ და აშშ-ის ხელისუფლება გულმოდგინედ მუშაობს იმაზე, რომ ყველაფერი შეიტყოს. საჭიროა, რომ ჩინეთმა გაამხილოს ინფორმაცია“, — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Fox News-ის ეთერში.
მისი თქმით, ჩინეთის ხელმძღვანელობამ ვირუსის შესახებ მანამდე იცოდა, სანამ ამის შესახებ ფართო საზოგადოებას აცნობებდა.
„ჩვენ ფართომასშტაბიან გამოძიებას ვაწარმოებთ იმის დასადგენად, რანაირად „გაიქცა“ ვირუსი, როგორ მოხვდა ის გარე სამყაროში და ასეთი ტრაგედია, ადამიანების სიკვდილი გამოიწვია აშშ-ში და ასევე უზარმაზარი დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას“, — განაცხადა პომპეომ.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 064 815 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 137 078 და განკურნებულია 512 252 პაციენტი.