თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული 30 ახალი შემთხვევიდან რვა ბოლნისის მცხოვრებია.
როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მათგან ხუთი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფიცირებული წარმომადგენლების ოჯახის წევრები არიან.
„ბოლნისში რვა დადასტურებული ფაქტია. აქედან ხუთი არის „სასწრაფო დახმარების“ პერსონალის ოჯახის წევრი. დანარჩენი სამიდან ერთი „სასწრაფო დახმარების“ ექიმია და ორი კი მედდა. გუშინ სიმპტომების მქონე 34 ადამიანისგან აიღეს საკვლევი მასალა. მათგან დადასტურებულია რვა შემთხვევა. ჯამში, რეგიონში კორონავირუსის 50 დადასტურებული ფაქტია, რვა გამოჯანმრთელებული და ერთი გარდაცვლილი“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სოფელ სავანეთში კარანტინის მკაცრი რეჟიმი ამოქმედდა.
„ამ საკითხს ეპიდემიოლოგებთან განვიხილავთ. ველოდებით პასუხს. უკვე გამკაცრებულია თვითიზოლაცია ქალაქის მასშტაბით, მაგრამ დამატებით რა ღონისძიებები იქნება გატარებული, მოგვიანებით გეტყვით. ამ წუთისთვის თვითმმართველობის თანამშრომლები არ არიან ინფიცირებული“, – აცხადებს ქვემო ქართლის გუბერნატორი.
მარნეული და ბოლნისი საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტები აღმოჩნდა, სადაც კარანტინი გამოცხადდა. ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.
მარნეულისა და ბოლნისის მსგავსად, მკაცრი კარანტინი შემოიღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ასევე ქობულეთის რაიონის სოფლებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში, წყავროკაში და ხაშურის რაიონის სოფელ ხიდისყურში. მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 ბლოკპოსტი მოეწყო, ჩაიკეტა ოთხი ქალაქი – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი.
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 336-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა 3 პაციენტი. კიდევ სამი ადამიანი კორონავირუსის დიაგნოზით გადმოიყვანეს თურქეთიდან და სომხეთიდან. საკარანტინე რეჟიმში იმყოფება 5000 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 494.