თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ვაშინგტონი წყვეტს ჯანმოს დაფინანსებას, სანამ ორგანიზაცია შეცდომებს არ გამოასწორებს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„მე ვაჩერებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსებას მანამ, სანამ ისინი არ გამოიძიებენ შეცდომებს რეაგირებასა და კორონავირუსის გავრცელების დაფარვაში“, — განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
President @realDonaldTrump is halting funding of the World Health Organization while a review is conducted to assess WHO's role in mismanaging the Coronavirus outbreak. pic.twitter.com/jTrEf4WWj0
— The White House (@WhiteHouse) April 14, 2020
აშშ-ის ლიდერის თქმით, „ჯანმო ვერ გაუმკლავდა ძირითად მოვალეობას და პასუხი უნდა აგოს. დადგა დრო მთელი ამ ათწლეულების შემდეგ“.
პრეზიდენტი ორგანიზაციას იმაში ადანაშაულებს, რომ მან არ გამოიძია ქალაქ უჰანში გავრცელებული სანდო ცნობები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურ მონაცემებს.
„უკვე 2019 წლის დეკემბერში არსებობდა სანდო ინფორმაცია ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რისკების შესახებ. ამას უნდა მიეცა ბიძგი ჯანმოსთვის, დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება“, — აცხადებს პრეზიდენტი.
ტრამპის თქმით, ორგანიზაციის უმოქმედობის გამო დაიკარგა ბევრი დრო. პრეზიდენტი დარწმუნებულია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთში დროულად რომ გაეგზავნა სპეციალისტები ვითარების შესაფასებლად, არც ვირუსის აფეთქება მოხდებოდა, არც დიდი მსხვერპლი იქნებოდა და ასევე შესაძლებელი გახდებოდა მძიმე ეკონომიკური შედეგების თავიდან აცილება.
ამასთან ტრამპი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჯანმო ირწმუნებოდა, რომ ავიამიმოსვლის შეჩერების აუცილებლობა არ არსებობდა.
აშშ-ის ლიდერის თქმით, ჯანმომ დაკარგა ამერიკის ნდობა.
„თუ ჩვენ ვერ ვენდობით ჯანმოს, ჩვენი ქვეყანა იძულებული იქნება, მოძებნოს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის სხვა ვარიანტები, რათა ჯანდაცვის სფეროში დასახულ მიზნებს მიაღწიოს. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მან იქვე განმარტა, რომ აშშ ჯანმოსთან კონტაქტებს შეინარჩუნებს, რათა დააკვირდნენ, შეძლებს თუ არა ორგანიზაცია არსებითი რეფორმების გატარებას.
აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ბრალი დასდო მას, რომ ის „ზედმეტად კონცენტრირებული იყო ჩინეთზე“, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია დაფინანსების ლომის წილს სწორედ აშშ-სგან იღებს.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 982 281 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 126 722 და განკურნებულია 487 471 პაციენტი.