თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და აზერბაიჯანელ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
Twitter-ის საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილმა ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრის საქართველოს დროშის ფერებში განათების შესახებ კომენტარი დაწერა.
„დღეს ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს. მადლობა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის. ეს აზერბაიჯანელი ხალხის მხრიდან სოლიდარობის დიდებული გამოვლინებაა. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისადმი სოლიდარობა არაერთხელ გამოხატა. თბილისის ტელეანძა ამ რთულ დროში მხარდაჭერის მიზნით, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, განათებული იყო იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დროშების ფერებში.