თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა და სახლში დარჩენა, ეს მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.
მან აღნიშნა, რომ ის მკაცრი ზომები, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა, განპირობებულია მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობით.
„ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული, ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რათა გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მშობლებს, ჩვენს ბებიებს და ბაბუებს. აქ საუბარია ყველაზე ძვირფასზე, რაც გვაქვს – ეს არის ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ყველა ვალდებულია დარჩეს შინ და დაიცვას კანონი. მგონია, რომ ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის“, – განაცხადა კალაძემ.
მერმა აღნიშნა, რომ კორონავირუსი მთელი მსოფლიოსთვის სერიოზული პრობლემაა და აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების ბოლომდე მიყვანა.
„დღეს, ისე, როგორც არასდროს, ყველას გვჭირდება ერთად დგომა. სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ვებრძვით იმას, რასაც ვერ ვხედავთ – ეს არის კორონავირუსი, რომელიც სერიოზული პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის. ნახეთ, რა ხდება განვითარებულ ქვეყნებში, რამხელაა სიკვდილიანობა. ჩვენ ცოტა ადრე დავიწყეთ პრევენციული ღონისძიებების გატარება და ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად ბოლომდე შევინარჩუნოთ, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე, რათა ამ სიტუაციიდან მაქსიმალურად ღირსეულად გამოვიდეთ. რა თქმა უნდა, ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვება ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ამაზე გუშინ უკვე ვსაუბრობდით, რომ იქნება მაქსიმალური თანადგომა, რათა ღირსეულად გამოვაღწიოთ ამ რთული ვითარებიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ მოსახლეობას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოუწოდა, სრული სერიოზულობით მოეკიდონ ყველა რეკომენდაციას და ბოლომდე გააცნობიერონ მოახლოებული საშიშროება.
19 აპრილს აღდგომის დღესასწაული აღინიშნება. დღეს ცნობილი უნდა გახდეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება, თუ როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის რეჟიმში.