15 აპრილი - Sputnik. იმ ქალაქებში გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომლებიც 10 დღით ჩაიკეტება, არ შეეხება ჟურნალისტებს, სამედიცინო პერსონალს და დიპლომატებს, ნათქვამია „საკანონმდებლო მაცნეს“ გვერდზე გამოქვეყნებულ მთავრობის დადგენილებაში.
14 აპრილს მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებისა და შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, 10 დღის ვადით იკეტება საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში იკრძალება შესვლა–გამოსვლა. შეზღუდვა ძალაში 15 აპრილის 21:00 საათიდან შევა.
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ჩაკეტილ ქალაქებში გადაადგილება არ ეზღუდებათ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს, ჟურნალისტებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
„აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესვლა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული, თუმცა ისინი 10 დღის განმავლობაში ამ მუნიციპალიტეტებს ვერ დატოვებენ. ამ მუნიციპალიტეტების დატოვების საშუალება და უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სხვა მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
გარდა ამისა, შეზღუდვები არ შეეხება შემდეგ კატეგორიებს:
- საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
- ბრალდებულებისა და მსჯავდებულების გადაყვანას;
- ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონების და სხვა ფასეულობების ინკასაციას;
- ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის მოწოდებისა და უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელ გადაადგილებას;
- სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიზნით გადაადგილებას;
- სამომსახურეო სარკინგზო მიმოსვლას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან;
- სარიტუალო მომსახურების მიზნით გადაადგილებას (იგულისხმება მიცვალებულების გადასვენება ან დაკრძალვა);
- ჰუმანიტარული მიზნებით საერთაშორისო ორგანიზაციების გადაადგილებას, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას და იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობის დროს;
- მთავრობის მიერ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5034, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 463 პაციენტია.