კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „სკოლის ბუფეტში საჭმელს არ ჭამდა, რომ ჩემთვის...“

© photo: courtesy of Mzia Edisherashviliმზია ედიშერაშვილი
მზია ედიშერაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პედაგოგობა არ ყოფილა მისი ცხოვრების მიზანი, მაგრამ დღეს სკოლის გარეშე საკუთარი თავი უკვე ვერ წარმოუდგენია.

მზია ედიშერაშვილი თბილისის 105-ე სკოლის წამყვანი მასწავლებელია. ქართულ ენასა და ლიტერატურას რუსულ და ქართულ სექტორს ერთნაირი მონდომებით ასწავლის. ალბათ ამ პროფესიისადმი მისი ერთგულება გახდა იმის მიზეზი, რომ ერთადერთი ქალიშვილიც მის კვალს გაჰყვა...

© photo: courtesy of Mzia Edisherashviliმზია ედიშერაშვილი
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „სკოლის ბუფეტში საჭმელს არ ჭამდა, რომ ჩემთვის...“ - Sputnik საქართველო
მზია ედიშერაშვილი

- ქალბატონო მზია, თუ გახსოვთ რა ან ვინ გახდა იმის მიზეზი, რომ მასწავლებლობა გადაწყვიტეთ?

- მინდა ვიყო გულწრფელი და გითხრათ, რომ მასწავლებლობა ჩემი ცხოვრების მიზანი არ ყოფილა. კარგად ვსწავლობდი იმ საგნებს, რომლებიც მაინტერესებდა. მათ შორის ქართული და ისტორია იყო. არქეოლოგობაზე ვოცნებობდი, მაგრამ დედის თხოვნით ჩავაბარე მაშინდელ თბილისის პუშკინის სახელობის პედინსტიტუტში ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დავამთავრე. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გამიჩნდა სურვილი, რომ მეცნიერი გავმხდარიყავი.

© photo: courtesy of Mzia Edisherashviliმზია ედიშერაშვილი
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „სკოლის ბუფეტში საჭმელს არ ჭამდა, რომ ჩემთვის...“ - Sputnik საქართველო
მზია ედიშერაშვილი

- მაგრამ სკოლაში აღმოჩნდით...

- საქმე ისაა, რომ ასპირანტურისთვის ორწლიანი სტაჟი მჭირდებოდა, და როგორც წითელდიპლომიანი, თბილისის 105-ე საჯარო სკოლაში გამანაწილეს, რომელშიც დღემდე ვმუშაობ. მაშინ (1986 წ.) ეს სკოლა რუსულენოვანი იყო. ენის ბარიერი არ მქონია, მაგრამ სპეციალობიდან გამომდინარე ქართულ სექტორზე მინდოდა მუშაობა. ოჯახის შექმნამ ჩემს ოცნებაზე ხელი ამაღებინა და თანდათან სკოლაში მუშაობასაც შევეჩვიე.

- რა შეგრძნება იყო, როცა პირველად დაგიძახეს „მზია მასწ“?

- პირველად „მზია მასწ“ არ უთქვამთ, „მზია შოთაევნა“ დამიძახეს. მერე ჩემივე თხოვნით ურთიერთობის დროს ქართული მიმართვაც გაჩნდა. იმ პერიოდში ქართულ ენას კვირაში სამი საათი ეთმობოდა. ჩვენი პირველი პრეზიდენტის დამსახურებაა, რომ სახელმწიფო ენას მეტი ყურადღება დაეთმო, რაც უკვე ხუთი საათით გამოიხატა. მოგვიანებით ქართული სექტორიც გაიხსნა.

© photo: courtesy of Mzia Edisherashviliმზია ედიშერაშვილი
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „სკოლის ბუფეტში საჭმელს არ ჭამდა, რომ ჩემთვის...“ - Sputnik საქართველო
მზია ედიშერაშვილი

- დღეს ორივე სექტორის ქართულის მასწავლებელი ხართ...

- დიახ, ახლა ორივე სექტორზე სიამოვნებით ვმუშაობ. ჩვენთან არაჩვეულებრივი, თბილი გარემოა, რაც სკოლის ადმინისტრაციის დამსახურებად მიმაჩნია. ჩვენი რუსული სექტორის მოსწავლეები წარმატებით აბარებენ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში. სხვათა შორის, სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა თბილისში ნაკლებადაა.

- დისტანციური სწავლება ალბათ კოლეგების მსგავსად არც თქვენ მოგწონთ?

- შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურად მუშაობა მეც მიწევს. უფრო დავუმეგობრდი კომპიუტერს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცოცხალი გაკვეთილი მაინც შეუცვლელია. მჯერა, მასწავლებლები ამ გამოწვევას ღირსეულად გავივლით და მონატრებულ მოსწავლეებსა და კოლეგებს მალე შევხვდებით.

© photo: courtesy of Mzia Edisherashviliმოსწავლესთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „სკოლის ბუფეტში საჭმელს არ ჭამდა, რომ ჩემთვის...“ - Sputnik საქართველო
მოსწავლესთან ერთად

- როგორც წესი, მსახიობებისა და მასწავლებლების უმრავლესობას არ უნდა, რომ შვილი მათ კვალს დაადგეს...

- მყავს ერთი ქალიშვილი, რომელიც ახლა სკოლაში მუშაობს. პარალელურად საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მაგისტრატურას ამთავრებს ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით. მისი გადაწყვეტილება, რომ მასწავლებელი გამხდარიყო, მშვიდად მივიღე, რადგან ჩავთვალე, რომ არჩევანი ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს, ეს მისი ცხოვრებაა. ჩვენ არა მარტო დედა-შვილი, კარგი მეგობრებიც ვართ. საერთო საქმემ და პროფესიამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა.

- როგორი იყო სკოლის წლები და საყვარელი მასწავლებელი?

- ახლა რომ ვიხსენებ, სკოლაში გამორჩეულად საყვარელი მასწავლებელი არ მყოლია, რადგან ყველა ძალიან ახლობელ ადამიანად მიმაჩნდა. ხშირად მითქვამს ჩემი მოსწავლეებისთვის, რომ კარგ სკოლაში ვსწავლობდი და ვამაყობ იმით, რომ ის შოთა რუსთაველის სახელს ატარებდა (ვგულისხმობ თბილისის 112-ე საშუალო სკოლას). ცელქი მოსწავლე არ ვყოფილვარ, მაგრამ როცა სხვები წავიდნენ „შატალოზე“, უარი არც მე მითქვამს და ამის გამო კლასთან ერთად დავისაჯე კიდეც.

© photo: courtesy of Mzia Edisherashviliმოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „სკოლის ბუფეტში საჭმელს არ ჭამდა, რომ ჩემთვის...“ - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

- სკოლაში მომხდარი შემთხვევა, რომელიც დღემდე გახსოვთ...

- არის ერთი ამბავი, რომელიც დღემდე მახსოვს. ეს ადრე რუსული სექტორზე მოხდა. მე ახალბედა, დამწყები მასწავლებელი ვიყავი. მყავდა ასეთი მოსწავლე, ნატაშა კრავჩენკო, რომელიც სამხედრო პირის შვილი იყო. როგორც გვიან გავიგე, ეს გოგო თურმე სკოლის ბუფეტში შესვენებაზე საჭმელს არ ჭამდა, რომ ფული შეეგროვებინა და ჩემთვის სუნამო ეყიდა. დადგა რვა მარტი, შევდივარ კლასში და გოგო გახარებული მიწვდის სუნამოს, რომელსაც მასავით „ნატაშა“ ერქვა. მაშინ ახალბედა პედაგოგი ვიყავი, თავი უხერხულად ვიგრძენი და ავუხსენი, ასე არ შეიძლება-მეთქი. ამის გამო შემდეგ გაკვეთილზე თურმე დაღონებული მჯდარა. მივხვდი, რომ ბავშვს ჩემდაუნებურად გული ვატკინე... 

- აღზრდაში ერთნაირად მთავარია მშობელი და მასწავლებელი?

 - ვფიქრობ, მთავარი როლი შვილების აღზრდაში მაინც მშობლებს ეკუთვნის. შინაგანი კულტურა და ღირსება ოჯახებიდან უნდა მოდიოდეს. მასწავლებელმა, გარდა საგნისა, შეიძლება კარგი პირადი მაგალითით ბავშვს რაღაც ასწავლოს. საერთოდ კი, იცით, რა არის ჩემთვის მთავარი? - მოსწავლე სკოლის დამთავრების შემდეგ ქუჩაში რომ დამინახავს, გულწრფელად მომიკითხავს და დავინახავ როგორ უბრწყინავს თვალები. ასეთი მომენტები ბევრი მქონდა, რაც დიდ ძალას მაძლევს და ამას ადამიანები სიყვარულს ვეძახით...

 

ყველა ახალი ამბავი
0