თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ეკლესიები არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
გახარია: შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს >>
მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს აღდგომას აღნიშნავს და ამჯერად სახელმწიფო მოუწოდებს მორწმუნეებს სახლში დარჩნენ და საკუთარი და სხვა ადამიანების სიცოხხლე საფრთხეში არ ჩააგდონ.
„მე, პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი მოქალაქე სწორ გამოსავალს იპოვის“, - განაცხადა გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოქალაქეების გონიერების და სიბრძნის იმედი აქვს. კანონის აღსრულება და ჯანმრთელობის დაცვა ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება, ისევე როგორც ეკლესიის ფუნქციონირების გაგრძელება ბევრი მორწმუნე ადამიანისთვის ეგზისტენციალური საკითხია, აღნიშნა მან.
გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეები პასუხისმგებლობას სასულიერო პირებს არ დააკისრებენ და არ დაელოდებიან ეკლესიისგან მოწოდებას, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში.
„რა თქმა უნდა, მთავრობა და მე, პირადად მოვუწოდებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ დავრჩეთ სახლში, დავიცვათ ჩვენი ეკლესია და ნუ დავაყენებთ ეკლესიას ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, რომ არჩევანი გააკეთოს“, - აღნიშნა გახარიამ.
მისი თქმით, იდეალური ვარიანტი იქნება, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს არავინ.
„არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა, ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის მოწოდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეკლესია არ დაიხუროს. ჩვენი ისტორიული გამოწვევაა. დარწმუნებული ვართ, ვიპოვით ბალანსს ეკლესიასთან ერთად", - განაცხადა გახარიამ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი ზომების გამკაცრება აღდგომის წინა დღეებში, გახარიამ აღნიშნა, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ, რაც იმ გამოწვევების პროპორციული იქნება, რომლის წინაშეც დადგება ქვეყანა.
გახარიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში სახელმწიფო აწარმოებს ბრძოლას ორ ფრონტზე - ადამიანის ჯანმრთელობის და ასევე ეკონომიკის გადარჩენის და სამუშაო ადგილების შენარჩუნების ფრონტზე.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. უკვე მარტის ბოლოს ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო.
14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-ს შეადგენს, ამასთან ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთბაშად 30-ით გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 458 პაციენტია. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველო ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელების სტადიაზე გადავიდა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გააგრძელა.
გარდა ამისა, 15 აპრილიდან იკეტება ოთხი დიდი ქალაქი - შესვლა-გამოსვლა იკრძალება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.