თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ერთ–ერთი ახალი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურია.
მღვდელმსახურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის ექსკლუზიურად მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ტემპერატურის მატება სამშაბათს საღამოს დაუფიქსირდა – თავიდან სიცხე დაახლოებით 38 -მდე ჰქონდა და მომდევნო დღეებში – 39 დაუფიქსირდა.
მანამდე, 7 და 8 აპრილს მან ორი ღვთისმსახურება ჩაატარა. 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე მასთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობა სხვა ექვსმა სასულიერო პირმაც მიიღო.
მამა გიორგი პაპავას სიტყვებით, იგი მაქსიმალურად დისტანცირებული იყო სხვა სასულიერო პირებისგან და მრევლიდან. 8 აპრილს კი ტაძარში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა.
მამა გიორგისთვის უცნობია ინფიცირების წყარო, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს დაკავშირებულია სამედიცინო დაწესებულებასთან, სადაც იგი 6 აპრილს იმყოფებოდა.
„6 აპრილს ჩემ დასთან საავადმყოფოში ვიყავი. ჩემი და თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში მედდაა. დიდხანს მომიწია რიგში დგომა, დერეფანში კი ბევრი ხალხი იყო. რენტგენის გადაღება მჭირდებოდა“, – განაცხადა მღვდელმსახურმა.
მისი სიტყვებით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომიდან, მას მხოლოდ მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. ამ ეტაპზე მამა გიორგი პაპავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ფასდება, იგი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
სასულიერო პირის კლინიკაში მოთავსების შესახებ ინფორმაცია მანამდე დაადასტურა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა.
იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია ამ დროისთვის დაკეტილია და იქ სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კონტაქტების დადგენას ცდილობენ.
14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 458 პაციენტია.