ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა.
არადა, საოცრებები ვნების კვირაში ხშირად ხდებოდა. მათზე დაკვირვებით ძველმა ხალხმა გარკვეული დასკვნები გამოიტანა და ახსნა-განმარტება მოუძებნა ამა თუ იმ მოვლენას.
სწორედ ამ მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით გაგაცნობთ ვნების შვიდეულის იმ მინიშნებებს, რომლებსაც, ხალხური რწმენით, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, რათა გარკვეული სირთულეები თავიდან ავიცილოთ.
დიდი ორშაბათი:
• თუ მზიანი ამინდი იქნება, ესე იგი, იმ წელს კარგი მოსავალი მოვა;
• თუ წყვილი დაქორწინდება - დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ;
• თუ ნაკურთხ წყალს ისხურებთ - მთელი წელი ავად არ გახდებით.
თუ დიდ სამშაბათს იწვიმებს, ის წელი ცივი და მოუსავლიანი იქნება.
დიდი ოთხშაბათი:
• თუ სახლის კარებსა და ფანჯრებს დარეცხავთ და დაწმინდავთ, იცოდეთ, რომ უწმინდური ძალა თქვენ საცხოვრებელში ვეღარ შემოაღწევს;
• თუ სახლიდან მთელ ნაგავს და უსუფთაობას არ გაიტანთ, ოჯახში მთელი წელი ჩხუბი და უთანხმოება იქნება.
დიდი ხუთშაბათი:
• თუ მზის ამოსვლამდე იბანავებთ, მთელი წლით გაიწმინდებით ნეგატიური ენერგიისა და ავი ზრახვებისგან;
• თუ შინ მძიმე ავადმყოფი ჰყავს ვინმეს, ეკლესიიდან მიტანილი სანთელი უნდა დაანთოს ავადმყოფის სასთუმალთან და იქვე დაწვას. შემდეგ კი ნამწვი სადმე მიწაში დაფლას;
• თუ ავეჯს ადგილს შეუცვლით და ფულს გადაითვლით, მთელი წელი კეთილდღეობა და შემოსავალი არ დაილევა თქვენ ოჯახში;
• თუ გასათხოვარი ქალი თმას მოიჭრის და აღდგომის დადგომამდე ბალიშქვეშ შეინახავს, იმ წელს აუცილებლად ეწევა ბედს.
ვნების შვიდეული: როგორ უნდა მოიქცნენ მართლმადიდებლები ამ პერიოდში
წითელი პარასკევი:
• თუ გინდათ უსიამოვნება დიდი ხნით აიცილოთ თავიდან, დილით აუცილებლად წაიკითხეთ "მამაო ჩვენო";
• თუ გინდათ თქვენი პატარა ჯანმრთელი და ძლიერი გაიზარდოს, ჯობს სწორედ ამ დღეს დაანებებინოთ ძუძუსთვის თავი;
• თუ ამ დღეს პირველს მამაკაცს დაინახავთ, მალე დიდი წარმატება გეწვევათ;
• თუ ამ დღეს ტანს დაიბანთ, მთელ ჯანმრთელობას წყალს გაატანთ.
დიდი შაბათი:
• ვინც ამ მძიმე დღეს ცეკვა-თამაშსა და მხიარულებაში გაატარებს, მთელი წელი იტირებს;
• ვინც ამ დღეს ფულს ისესხებს ან გაასესხებს, კეთილდღეობა, სიმდიდრე და ჯანმრთელობა ხელიდან წაუვა.
კვირა - აღდგომა:
• რომელი ცოლ-ქმარიც გულით ჩაეხუტება ერთმანეთს, მთელი ცხოვრება სიტკბოსა და სიყვარულში იცხოვრებს;
• თუ სააღდგომო ზარების რეკვისას სურვილს ჩაიფიქრებთ, აღდგომიდან 33 დღის შემდეგ აგიხდებათ;
ვინც სააღდგომო სუფრიდან საჭმელს გადაყრის, მთელი წელი უკუღმა წაუვა. ამიტომ დარჩენილი საჭმელი ან უპოვრებს უნდა გაუნაწილოს და ან მიწაში დაფლას სადმე.