დიდი ნავთობ-შერიგება: რა იქნება შემდეგ

© photo: Sputnik / Maxim Bogodvidნავთობის საქაჩები
ნავთობის საქაჩები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„OPEC+“ სამიტზე მიღწეული შეთანხმება ნავთობმოპოვების შემცირების თაობაზე, ვერ შეძლებს კორონავირუსის გამო დაწეული მოთხოვნის კომპენსირებას. შეზღუდული იქნება ფასების აღდგენაზე მისი ზემოქმედების უნარიც. თუმცა შეთანხმების გარეშე ვითარება ნავთობბაზარზე უარესი იქნებოდა.

ივან დანილოვი

ბრიტანულ საინფორმაციო სააგენტო The Guardian-ს მოჰყავს გავლენიანი ამერიკული ბანკის Goldman Sachs-ის სიტყვები: „კორონავირუსის კრიზისი აპრილსა და მაისში ნავთობზე მოთხოვნილებას დღეში 19 მილიონი ბარელით შეამცირებს“. შესაბამისად, მოპოვების შემცირებაზე „ხვალვე რომ შეთანხმდნენ, ეს მაინც მეტისმეტად ცოტა და მეტისმეტად დაგვიანებული იქნება იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფასების ვარდნა უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც ნავთობსაცავები თითქმის სრულად შეივსება“.  

სანავთობე ტუმბო - Sputnik საქართველო
OPEC+ შეთანხმდა: ნავთობის მსოფლიო ფასმა ზრდა დაიწყო

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი ბანკირების შეფასება შედარებით ოპტიმისტური იყო: ზემოხსენებული გათვლები ეფუძნებოდა 15 მილიონი ბარელით შემცირების პროგნოზსა და ვარაუდს, რომ მკაცრი საკარანტინო ზომები „ჩამოჭრიდა“ მხოლოდ 19 მილიონ ბარელს, თუმცა, სხვა შეფასების თანახმად, საუბარი შეიძლება იყოს 20-25 მილიონ ბარელზეც.

 „OPEC+“ ქვეყნების გარიგება, მიუხედავად თავისი მასშტაბისა და მნიშვნელოვანი ადგილისა საინფორმაციო ველში, ემსახურება არა მხოლოდ დღევანდელი ფასების შენარჩუნებას და ექსპორტიორი ქვეყნების საბიუჯეტო შემოსავლებს, არამედ წარმოადგენს მეტად რთულ კომპრომისს, რომელიც მიმართულია მომავლისკენ, ანუ ეპიდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის აღდგენისკენ.

სწორედ ამ „სამომავლო ხედვით“ შეიძლება აიხსნას ბაზრების თავშეკავებული რეაქცია და მოზომილი მოლოდინი „OPEC+“ ფარგლებში შეთანხმებული და G20 ქვეყნების სამიტზე მხარდაჭერილი ზომების სწრაფი ეფექტიანობის მიმართ: „გეგმა შესაძლოა საკმარისი იყოს ფასების შემდგომი ვარდნის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ დაიწყოს მათი ზრდა“, - განაცხადა მარშალ სტივზმა, სააგენტო IHS Markit-ის ენერგეტიკული ბაზრების ანალიტიკოსმა. მისი შეფასებით, რომელიც აშშ-ის ფინანსურმა გამოცემა MarketWatch-მა გამოაქვეყნა, ეს გარიგება - არ არის მარცხი, მაგრამ „არც პანაცეაა“.

იმის თაობაზე, რომ „OPEC+“-ის გარიგების სამიზნე მომავალია და არა უახლოესი რამდენიმე კვირა ან თვე, მიუთითებს ვირტუალური სამიტის დასრულების შემდეგ გაკეთებული ოფიციალური განცხადების მთავარი პუნქტიც. 

დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
საჭირო მომენტში ორივე პრეზიდენტი ივიწყებს უთანხმოებას: პესკოვის კომენტარი

 „შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების შემცირებაზე დღეში 10,0 მილიონი ბარელით 2020 წლის 1 მაისიდან, დასაწყისისთვის - ორი თვის განმავლობაში. ეს პერიოდი 2020 წლის 30 ივნისს სრულდება. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2020 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე, მოპოვება შემცირდება დღეში 8,0 მილიონი ბარელით. ამას მოჰყვება კორექტირება დღეში 6,0 მილიონი ბარელით 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 აპრილამდე.

ცვლილებების გამოსათვლელად საწყისი მაჩვენებელი არის ნავთობის მოპოვება 2018 წლის ოქტომბერში, გარდა საუდის არაბეთის სამეფოსი და რუსეთის ფედერაციისა, რომელთაც ერთნაირი საბაზო დონე აქვთ - 11,0 მილიონი ბარელი დღეში. შეთანხმება 2022 წლის 30 აპრილამდე იმოქმედებს, თუმცა მის გაგრძელებაზე 2021 წლის დეკემბერში იმსჯელებენ“.

ამჟამად არის მცდელობა, ნავთობის ბაზრის მონაწილეები დაარწმუნონ იმაში, რომ მათ წინაშე დგას არა მოპოვების „სასწრაფოდ შემცირების“ ამოცანა, რომელიც მიზნად ისახავს მომპოვებლების ხსნას მოკლევადიანი პრობლემებისგან, არამედ ნავთობის ბაზარზე გრძელვადიანი დეფიციტის შექმნის ამოცანა. მაგრამ დეფიციტი „გააქტიურდება“ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხმარების დონე მიუახლოვდება ეპიდემიამდე არსებულ ნიშნულს.

უნდა აღინიშნოს, რომ გარიგება ჯერ კიდევ ჩაშლის საფრთხის წინაშეა, ვინაიდან „OPEC+“-ის პრინციპული პოზიციაა - ვერავინ მიიღებს „უფასო ბილეთს“ ნავთობის ნათელ მომავალში. სწორედ ამიტომ სამიტის ფინალურ რეზოლუციაში მითითებულია, რომ მოპოვების შემცირება ძალაში შევა მხოლოდ მაშინ, როცა მექსიკა (ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა გარიგებას) დათანხმდება ნავთობის მოპოვების დღეში 400 ათასი ბარელით შემცირებას. ეს პრინციპის საკითხია, ვინაიდან ერთი მომპოვებელი ქვეყნის გამოთიშვის შემთხვევაშიც კი გარიგება ჩაიშლება: საუდის არაბეთი და რუსეთი ერთად აკონტროლებენ მსოფლიო ნავთობმოპოვების 20 პროცენტზე მეტს და მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ აიღებენ ყველა „შემცირებას“. 

ნავთობის საქაჩი - Sputnik საქართველო
WSJ: მოსკოვი და ერ-რიადი ნავთობთან დაკავშირებით მორიგდნენ

ეს ესმის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების უმრავლესობას, მათ შორის იმათაც, რომლებიც შიდა პოლიტიკური ვითარების გამო, ოფიციალურად ვერ მოაწერენ ხელს „OPEC+“-ის გარიგებას. მაგალითად, სააგენტო „რეიტერი“ საუბრობს ოსლოს პოზიციაზე ნავთობის გარიგებაში: „ნორვეგიამ, უმსხვილესმა მომპოვებელმა დასავლეთ ევროპაში, შაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა კვლავაც იხილავს ნავთობის მოპოვების შემცირების შესაძლებლობას, თუ „OPEC+“ ჯგუფი თავის გეგმას ხორცს შეასხამს. „შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ნორვეგია განიხილავს ცალმხრივად ნავთობის მოპოვების შემცირებას იმ პირობით, თუ „OPEC+“ წევრი ქვეყნები მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდებიან“, - განაცხადა ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ტინა ბრუმ“. 

მექსიკა ნავთობის ექსპორტიორთა შორის უნიკალური ქვეყანაა იმ თვალსაზრისით, რომ ყოველ წელს „აზღვევს ფინანსურ ბაზრებზე ნავთობის წლიურ ექსპორტს და შედეგად შეუძლია დაახლოებით წლის ბოლომდე ფასის კონიუნქტურის იგნორირება, რომელიც ეპიდემიას და სხვა ექსპორტიორების ფასების ომს უკავშირდება.

მაგრამ მეხიკოს არ შეუძლია დონალდ ტრამპის იგნორირება, რომელიც გარიგების დადებით არის დაინტერესებული. მეტიც, როგორც BBC აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, დროებით აანაზღაუროს ის ფინანსური ზარალი, რომელსაც ნავთობის მოპოვების შემცირების შემთხვევაში მისი მეზობელი ნახავს: „აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მექსიკას დახმარება  შესთავაზა“. მან აღნიშნა, რომ აშშ შეამცირებს ნავთობის მოპოვებას, მექსიკა კი მოგვიანებით აუნაზღაურებს მას. როგორც აქვე დასძინა, არ არის დარწმუნებული, რომ გარიგება მიღწეული იქნება. „ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა მან“.

OPEC - Sputnik საქართველო
„რისკები რჩება“: ექსპერტმა OPEC+-ის შეხვედრის შედეგები შეაფასა

 „OPEC+“ გარიგება შეიძლება ჩაიშალოს, სულ მცირე, იმ შემთხვევაში, თუ თეთრი სახლის მიერ შემოთავაზებული „მექსიკური წინადადება“ მიუღებელი აღმოჩნდება ან მექსიკის ხელმძღვანელობისთვის ან „OPEC+“-ის დანარჩენი წევრებისთვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის ფიქალურ კომპანიებს ვერ დაეხმარება „OPEC+“-ის ოფიციალურ გარიგებაში შტატების არმონაწილეობა, თანაც სწორედ იმის გამო, რომ „OPEC+“-ის მხრიდან მოპოვების შემცირების მოცულობა სწორედ იმგვარადაა დაანგარიშებული, რომ შეაკავოს ფასების კატასტროფული ვარდნა, მაგრამ დატოვოს ისინი იმ დონეზე, რომელიც გააკოტრებს ამერიკულ ფიქალურ კომპანიებს. როგორც აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა დენ ბრუიეტმა პარასკევს აღნიშნა: „ჩვენი შეფასებით, ამ წლის ბოლომდე აშშ-ში მოპოვება თითქმის დღეში ორი მილიონი ბარელით შემცირდება. ზოგიერთი მოდელი აჩვენებს კიდევ უფრო შთამბეჭდავ ციფრებს, მაგალითად, დღეში სამ მილიონ ბარელს“.

შესაძლოა, ამერიკელებმა უფრო მშვიდად იგრძნონ თავი, თუ წარმოიდგენენ, რომ შემცირება „ბაზრის“ დამსახურებაა და არა „OPEC+“ გარიგებისა, მაგრამ ამით რეალური შედეგი არ  შეიცვლება. თუმცა ნავთობის ფასების შემდგომი ევოლუცია იმათ ხელშია, ვინც ახლა ეპიდემიას ებრძვის: რაც უფრო სწრაფად დასრულდება ის, მით უფრო სწრაფად აღდგება ფასები, თუმცა გარკვეული როლი შეიძლება მექსიკის მთავრობის სიჯიუტემაც შეასრულოს. ის, რის გაკეთებაც ნავთობის დიდი ალიანსის წარმომადგენლებს „OPEC+“ ფორმატის ფარგლებში შეეძლოთ, უკვე გაკეთებულია. მიღწეული შედეგი კი შეიძლება ჩაითვალოს ნავთობის სფეროში მსოფლიო დიპლომატიის დიდ მიღწევად.

ყველა ახალი ამბავი
0