თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი საერთო ჯამში 20 ადამიანს დაუდასტურდა, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.
მისი თქმით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით გამოიკვეთა 203 კონტაქტი, მათ შორის უკვე გამოკვლეულია 187 პირი.
ზაალ მიქელაძე პირადად იმყოფებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, იუწყება პირველი არხი.
მინისტრის თქმით, მობილიზებულია მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც მკაცრ კარანტინში მოქცეული სოფლების ყველა მცხოვრებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებს.
დღეს აჭარაში ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება და ერთი შემოტანილია. ეს არის თურქეთიდან სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით შემოსული მოქალაქე, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 12 აპრილისთვის >>
აჭარაში დღეისათვის 25 ინფიცირებული პირია.
დღეს მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში.
ამ დასახლებულ პუნქტებში შესვლა-გამოსვლა აკრძალულია.
მკაცრი კარანტინი მოქმედებს ასევე მარნეულში, ბოლნისში და ლენტეხში.