თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ათით გაიზარდა და 252-ს გაუტოლდა, თუმცა მზარდი სტატისტიკა ზომიერი და კონტროლირებადია, განაცხადა თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 63 ადამიანი, საიდანაც 42 - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. ამგვარად, დღეისათვის ქვეყნის კლინიკებში მკურნალობას 192 პაციენტი აგრძელებს.
ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ მათ კლინიკაში გადაყვანილია ორი პაციენტი - დედა და არასრულწლოვანი ბათუმიდან, მათი მდგომარეობის გაუარესებას არ ელოდებიან.
„ამ ეტაპზე მდგომარეობა ისეთია, რომ დაავადების პროგრესირებას არ ველით, თუმცა ჩატარებული გაფართოებული კვლევები კიდევ უფრო დააზუსტებს მათ ზოგად მდგომარეობას შეფასების თვალსაზრისით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, დღეს კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
„დღეს დილით კიდევ 6 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში ავიღეთ და პასუხები დღის განმავლობაში იქნება ცნობილი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 252-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 63 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კიდევ საქართველოს სამ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა სომხეთში და თურქეთში, ისინი მკურნალობას საქართველოში აგრძელებენ. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4925, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 401 პაციენტია.