თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ხვალიდან გაიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებაზე დაყრდნობით.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 9 აპრილისთვის >>
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისში და სხვა ქალაქებში აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა. ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.
ზუგდიდის მერის განცხადებით, 12 აპრილს, დილიდან გაიხსნება ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნეულის სექცია.
მისივე თქმით, ბაზარში უკვე ჩატარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები, გაკონტროლდება მოქალაქეთა ნაკადი, რათა დისტანციის დაცვა მოხდეს, დისტანციის დაცვა მოხდება ბაზრის გარე ტერიტორიაზეც.
„აგრარული ბაზრის მუშაობას მონიტორინგს გაუწევენ სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ნორმების დაუცველობის შემთხვევაში აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე კვლავ გატარდება მკაცრი ზომები“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 233-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 56, გარდაიცვალა 3. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 4856 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.