თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ მუშაობას დროებით წყვეტს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ ვერ მოხვდა იმ ბიზნესობიექტების სიაში, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ.
„დიდი სურვილი გვქონდა გაგვეგრძელებინა თქვენი მომსახურება, რათა შეუზღუდავად მოგვეწოდებინა პირველადი მოხმარების პროდუქცია, რომელიც ამ პერიოდისათვის კრიტიკულად საჭირო და მნიშვნელოვანია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სუფთა სახლი“ მთელი ამ დროის განმავლობაში ზედმიწევნით იცავდა როგორც სახელმწიფოს მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს და ყველა შესაბამის პირობას უქმნიდა თავის თანამშრომლებს.
მაღაზიათა ქსელ „სუფთა სახლს" მთელი ქვეყნის მასშტაბით 150 ფილიალი აქვს, სადაც, გარდა ყოველდღიური ჰიგიენისთვის საჭირო პროდუქტებისა, სადეზინფექციო საშუალებებიც იყიდება. კომპანიაში დაახლოებით 1200 ადამიანია დასაქმებული.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, „სუფთა სახლის“ მაღაზიათა ქსელს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს ეძლევა მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება. შესაბამისად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა სუპერმარკეტები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ბითუმად მოამარაგოს „სუფთა სახლის" პროდუქციით“.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.
კარანტინის გამოცხადების შემდეგ იმ კომპანიების სია დაადგინეს, რომლებსაც საქმიანობის გაგრძელების უფლება ექნებოდათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ამ სიაში ბევრი ბიზნესკომპანია ვერ მოხვდა, თუმცა როგორც მოგვიანებით განმარტეს, ეკონომიკის სამინისტროსთვის მიმართვისა და შემოწმების გავლის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესებს მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცემოდათ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 233-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 56, გარდაიცვალა 3. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 4856 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.