თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. საქართველოში წარმოებულმა მრავალჯერადმა პირბადეებმა შემოწმება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიარა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ქართული წარმოების პირბადეები, რომელებიც გაყიდვაში უკვე გამოჩნდა, სოციალურ ქსელებში მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.
„ჩვენ გვაქვს დიდი დეპარტამენტი ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც სწორედ ამ ტიპის საკითხებზე მუშაობს, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი ეცვას. გელა გელაძე, შოთა ცანავა არიან ამ დარგის მაღალი ექსპერტები, მათ შეამოწმეს და დაწერეს, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია, მრავალჯერადი მოხმარებისთვისაც, შეიძლება გარეცხვა ცხელ წყალში, დაუთოება. თუ მას სამედიცინო მიზნით გამოიყენებ, უნდა ერთჯერადად მოვიხმაროთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტების განცხადებით, ქართული წარმოების პირბადეები წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში მომხმარებელს აბსოლუტურად იცავს.
ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ასეთ პირბადეებს იყენებდნენ.
„ცუდია, რომ ესეც ასახსნელი გახდა. წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს ვიყენებდით. ერთჯერადი პირბადეები საერთოდ არ არსებობდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები წაიკითხონ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი პირბადეები „ავერსის“, „ფარმადეპოს“, PSP-სა და GPC-ს სააფთიაქო ქსელებში უკვე იყიდება, თითო მომხმარებელზე სამი ცალი გაიცემა და მისი ფასი 50 თეთრია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა >>
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ნაწარმოები პირბადე დელიკატური რეცხვის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია დიდხანს იმყოფინოს. ამასთან, პირბადეებს შესაბამისი ინსტრუქციაც მოჰყვება. პირბადის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მობილიზებას ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა ქვეყნიდან ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალოები პირბადეებს უსასყიდლოდ კერავენ, ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა ერთ ლარზე მეტი უჯდება.