საქართველოში ეროვნული ერთიანობის დღე აღინიშნება

© courtesy of Giorgi Kvirikashvili9 აპრილის მხვერპლთა მემორიალი
9 აპრილის მხვერპლთა მემორიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს, ამ 31 წლის განმავლობაში პირველად, პარლამენტის წინ შეკრება არ ყოფილა, რადგან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოში 9 აპრილს აღინიშნება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.

საქართველოში 9 აპრილი უქმე დღეა. სწორედ ამ დღეს, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ჯარმა მრავალათასიანი მიტინგი დაარბია.

ამ დღეს, ტრადიციულად, თბილისელებს პარლამენტის შენობასთან ტიტები მიაქვთ. შეკრებას ღამით იწყებენ, თუმცა წელს, ამ 31 წლის განმავლობაში პირველად, შეკრება არ ყოფილა, რადგან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

თბილისის გზებზე - Sputnik საქართველო
თბილისის ქუჩებს 9 აპრილს დაღუპული ქალების სახელი მიენიჭება

1989 წელს სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით მრავალათასიანი მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.

1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა. კომისის დასკვნის თანახმად, ამ დღეს დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალების მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა.

1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც „სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.

ყველა ახალი ამბავი
0